დავით მათიკაშვილი - საქართველო ახორციელებს უკრაინის მყარ და პერმანენტულ მხარდაჭერას ყველა ფლანგზე, როგორც პოლიტიკური, ასევე ჰუმანიტარული სტრატეგიით
დავით მათიკაშვილი - საქართველო ახორციელებს უკრაინის მყარ და პერმანენტულ მხარდაჭერას ყველა ფლანგზე, როგორც პოლიტიკური, ასევე ჰუმანიტარული სტრატეგიით

საქართველომ განახორციელა და ახორციელებს უკრაინის მყარ და პერმანენტულ მხარდაჭერას ყველა ფლანგზე, როგორც პოლიტიკური, ასევე ჰუმანიტარული სტრატეგიით, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“.

„საქართველო მუდმივად უდგას გვერდით თავის პარტნიორ და მეგობარ ქვეყანას, უკრაინას. არა მხოლოდ ჩვენს სამეზობლოში, არამედ მე მგონი, მსოფლიოში არ მოიძებნება ქვეყანა საქართველოს რესურსით, გამოწვევებით და პრობლემებით, სადაც სწორედ რომ უკრაინის მიმართ აგრესიის განმახორციელებელი ქვეყნის, რუსეთის მიერ არის ქვეყნის 20% ოკუპირებული, 30 კილომეტრში დგას რუსეთის არმიის ნაწილები და როგორც რუსეთის, ისე ჩვენ სამეზობლოში, ალბათ, არც ერთი ქვეყანა არ დგას ისეთი რისკის წინაშე, როგორი რისკის წინაშეც დგას საქართველო. მიუხედავად ამ პრობლემისა, საქართველომ განახორციელა და ახორციელებს უკრაინის მყარ და პერმანენტულ მხარდაჭერას ყველა ფლანგზე, როგორც პოლიტიკური, ასევე ჰუმანიტარული სტრატეგიით“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

დეპუტატის თქმით, ჰუმანიტარული დახმარების რაოდენობაზე საუბარი უხერხულია, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ დამოუკიდებლობის შემდეგ საქართველო პირველად გახდა დონორი სახელმწიფო.

„ყოველთვის პირიქით, საქართველო იღებდა ჰუმანიტარულ დახმარებას და დღეს, 300 ტონაზე მეტი ტვირთია უკრაინაში გაგზავნილი“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

როგორც დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, სამწუხაროდ, ორი-სამი დღე არ გადის, რომ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან საქართველოსთან მიმართებით არ იყოს უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი ბრალდება, დემარშები და გაურკვეველი შინაარსისა და მოტივის ბრალდებები.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, შედგა თუ არა კომუნიკაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და უკრაინის სამხედრო დაზვერვის უწყებას შორის, იმის გათვალისწინებით, რომ სუს-მა უკვე მიმართა მის პარტნიორ უწყებას უკრაინაში და არის თუ არა პასუხი უკრაინის მხრიდან საქართველოსთვის წაყენებულ ბრალდებასთან დაკავშირებით, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რომ ამ უწყებებს შორის არსებობს ურთიერთობის სხვადასხვა არხი და მიუხედავად იმისა, რომ ეს არხები პერმანენტულად მუშაობს, როგორც სუს-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, არც ამ ინფორმაციის გამჟღავნებამდე და არც მის შემდეგ ამ საკითხზე არანაირი ინფორმაციის მოწოდება არ ყოფილა.

„ასეთი ბრალდების შემდეგი ნაბიჯი ყოველთვის არის ამ ბრალდების დასაბუთება იმ მხარის მიერ, რომელიც ბრალდებას აყენებს და არა იმის თქმა, რომ მე რომ რაღაც ბრალდება წამოგიყენე, მოდი, შენ დაასაბუთე, რომ ეს ასე არ არის. ეს პრაქტიკულად, წარმოუდგენელი ამბავია და ღრმა ანალიტიკის უნარი არ სჭირდება, რომ კარგად გაიაზრო, ეს ყველაფერი რას ნიშნავს. როგორ უნდა შეძლოს ქართულმა სპეცსამსახურებმა, ქართულმა მხარემ უარყოფის უარყოფა, ასეთი რაღაც ხომ არ არსებობს?“ – განაცხადა მათიკაშვილმა.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, მაშინ, როდესაც საუბარია ამდენად მძიმე ბრალდებაზე და როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესის შესაძლო დაზიანებას, მათ შორის, საერთაშორისო ასპარეზზე, რამდენად რეალისტურია, რომ უკრაინის სახელმწიფო უწყებამ მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გააკეთოს ამ ტიპის განცხადებები, დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, რომ აქ არ არსებობს მხოლოდ ერთი წყარო, მაგრამ საქართველოში მეხუთე კოლონას, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენს, ძალიან დიდი სურვილი აქვს, აბსოლუტურად ყველაფერი გამოიყენოს არა ქვეყნის, არამედ საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის. მისივე თქმით, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ცხადია, იქმნება სურათი და მაღალი ალბათობა იმისა, რომ დიახ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა მიერ არის მიწოდებული და გაჟღერებული ისეთი ტყუილი ინფორმაციები, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესს აზიანებს.

„ნაციონალურ მოძრაობას“ დიდი სურვილი აქვს, ნებისმიერი ფაქტი, რომელიც ჩვენს ქვეყანას შესაძლო მძიმე შედეგებს უქადის, იმ რელსებით და გზით წაიყვანოს, რომ მათ შეძლონ საკუთარი ინტერესების განხორციელება. ეს ხომ ორჯერ ორი ოთხია?“ – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.