დავით მათიკაშვილი - საპროკურორო საბჭოს საქმიანობა თავიდან ბოლომდე კონსტიტუციური ხდება, ოპოზიცია ჩვეულ ამპლუაშია, ისევ სპეკულირებს
დავით მათიკაშვილი - საპროკურორო საბჭოს საქმიანობა თავიდან ბოლომდე კონსტიტუციური ხდება, ოპოზიცია ჩვეულ ამპლუაშია, ისევ სპეკულირებს

საპროკურორო საბჭოს საქმიანობა თავიდან ბოლომდე კონსტიტუციური ხდება. ოპოზიცია ჩვეულ ამპლუაშია, ისევ სპეკულირებს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მათიკაშვილის თქმით, გენერალური პროკურორის არჩევის წესში ცვლილება ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებასა და კონსტიტუციის გამართვას უზრუნველყოფს.

„ცვლილება, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებას და კონსტიტუციის გამართვას უზრუნველყოფს, რადიკალური ოპოზიციისთვის მიუღებელია. თავის დროზე თავს იყო მოხვეული გენერალურ პროკურორთან დაკავშირებით წესი, ვგულისხმობ შარლ მიშელის შეთანხმებას. კონსტიტუციისგან დაცლილ წესებს გვთავაზობდნენ დასავლეთიდან, რაც ქართულ კანონმდებლობას არ ესადაგებოდა. დღეს დადგენილია საპროკურორო საბჭოში შერჩევის წესი, რაც არაკონსტიტუციურია, რადგან შერჩევა და არჩევა გამიჯნულია სამართლებრივი მოცემულობის თვალსაზრისით. შერჩევა არის ღია კონკურსი, როცა საჯარო მოხელეს ღია კონკურსით ვიყვანთ. როცა კონსტიტუციური ვალდებულებაა, რომ კონკრეტული პირი აირჩიონ, მაშინ შერჩევა უსაგნოა. არადა, საპროკურორო საბჭო შერჩევის წესს იღებდა. ნაცვლად იმისა, რომ კონსტიტუციის მიღმა ორგანოები იქნებიან თუ არასამთავრობო ორგანოები, მათ წარადგინონ კანდიდატები და მათთან მოხდეს გაუგებარი გასაუბრებები, შემდეგ ფარულად მოხდეს კანდიდატის შერჩევა, ახალი კონსტიტუციური რეგულაცია დგინდება. საპროკურორო საბჭოს წევრს უფლება ექნება, კანდიდატი თავად წარადგინოს, შემდეგ კენჭისყრა იქნება და საუკეთესო კანდიდატს საპროკურორო საბჭო პარლამენტს წარუდგენს. კანდიდატის არჩევას საპროკურორო საბჭოს კონსტიტუცია თუ ავალდებულებს, ეს მისი ვალდებულებაა და სხვაზე გადამისამართება არ უნდა მოხდეს. საპროკურორო საბჭოს საქმიანობა თავიდან ბოლომდე კონსტიტუციური ხდება და დემოკრატიის მაღალ ხარისხზე იქნება გამყარებული. ოპოზიცია თავის ჩვეულ ამპლუაშია, ისევ სპეკულირებს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, გენერალური პროკურორის არჩევის წესი იცვლება. კანდიდატურას საპროკურორო საბჭოს თითოეული წევრი ექსკლუზიურად დაასახელებს.