დავით მათიკაშვილი - საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის მხრიდან სრული კარტბლანში არსებობს, რომ მოზარდების საქმეზე ყველა კითხვას პასუხი გაეცეს​
დავით მათიკაშვილი - საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის მხრიდან სრული კარტბლანში არსებობს, რომ მოზარდების საქმეზე ყველა კითხვას პასუხი გაეცეს​

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე უმცირესობის მხრიდან სრული კარტბლანში არსებობს, რომ მოზარდების საქმესთან დაკავშირებით ყველა კითხვას პასუხი გაეცეს, – ეს განცხადება უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით მათიკაშვილმა გააკეთა.

მათიკაშვილის თქმით, ამ საქმის სრულფასოვანი გამოძიება მმართველი გუნდის ინტერესებში შედის, რაც პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნითაც დადასტურდა.

„პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა სწორედ პოლიტიკურმა ნებამ განაპირობა. საზოგადოება არ არის მიჩვეული, როდესაც უმრავლესობა შესაბამის ბერკეტებს უმცირესობას აძლევს და კომისიაში უმრავლესობით შემოიყვანს. როგორც უმრავლესობის, ასევე უმცირესობის მხრიდან სრული კარტბლანში არსებობს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით ყველა კითხვას პასუხი გაეცეს. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ყველა ნაბიჯი გადაიდგმება იმ კუთხით, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებს პასუხი გაეცეს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

დავით მათიკაშვილის თქმით, საგამოძიებო კომისიის შექმნით პარლამენტში უპრეცედენტო პროცესი დაიწყო, რის პარალელურადაც საქმის გამოძიების პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტრო, პრემიერი და სახალხო დამცველი ჩაერთო. მათიკაშვილის განმარტებით, თუ კონკრეტული პირის მათ შორის რომელიმე პროკურორის ბრალეულობა გამოიკვეთება, ყველა დამნაშავე კანონის ფარგლებში დაისჯება.

„პარლამენტში საკმაოდ მნიშვნელოვანი და უპრეცედენტო პროცესი დაიწყო, რაც დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობას გულისხმობს. გადაწყვეტილება რიგგარეშე სესიაზე გუშინ მივიღეთ. კომისია აპირებს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ძალიან აქტიურად ჩაერთოს. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ კითხვებს, რომლებიც ამ საქმეზე არსებობდა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგად პასუხი გაეცემა.

პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს გამოძიებას, რომელიც საქმის გამოძიების ეტაპზე დოკუმენტაციის გაყალბების კუთხით იძიებს. პრემიერ-მინისტრი აქტიურად არის ჩართული. სახალხო დამცველი გამოძიებას თავის მხრივ აწარმოებს. საბოლოოდ, ამ საქმესთან დაკავშირებულ ყველა კითხვას ადეკვატური პასუხი გაეცემა.

ნებისმიერი ქმედება, რომელიც ამ ტრაგიკულ შემთხვევასთან არის დაკავშირებული, აუცილებლად უნდა ამოიხსნას“, – განმარტავს მათიკაშვილი.