დავით მათიკაშვილი - სამწუხაროდ, ეს დოკუმენტი მეგობარ აქტს ნამდვილად არ წარმოადგენს და აშშ-ის ახალი ადმინისტრაციისგან აბსოლუტურად სხვა მოლოდინი გვაქვს
სამწუხაროდ, ეს დოკუმენტი მეგობარ აქტს ნამდვილად არ წარმოადგენს და ამერიკის ახალი ადმინისტრაციისგან აბსოლუტურად სხვა მოლოდინი გვაქვს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
„დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისა და ახალი პრეზიდენტის პოლიტიკური ხაზის ლაიტმოტივი დიდწილად ემთხვევა „ქართული ოცნების” პოლიტიკას. შესაბამისად, ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამ თანხვედრების, საგარეო პოლიტიკურ ჭრილში არსებული ვითარების კვალობაზე, არსებითი გადატვირთვა და ურთიერთობის ახალი ფურცლიდან დაწყება მოხდეს – იყოს ნამდვილი სტრატეგიული პარტნიორობა და არა – მხოლოდ ფურცელზე. რაც შეეხება იმ აქტს, ამ სამარცხვინო დოკუმენტს, ბუნებრივია, ის არ წარმოადგენს არცერთ შემთხვევაში რაიმე ფორმით საქართველოსთან მეგობრობის სულისკვეთების მატარებელ დოკუმენტს და აქ გლობალური „დიფ სთეითის“ ხელი ძალიან აშკარად და ცალსახად იკვეთება. ბუნებრივია, იმედი გვაქვს, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში ურთიერთობა არსებითად ახალი ფურცლიდან დაიწყება და ეს რაღაც სამარცხვინო დოკუმენტები არ იქნება ხელის შემშლელი იმისთვის, რომ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობა გადაიტვირთოს“,- განაცხადა მათიკაშვილმა.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა „მეგობარ აქტს“ დღეს განიხილავს. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „მეგობარ აქტს“ 27 მარტს დაუჭირა მხარი.
„მეგობარი აქტი“ საქართველოს მაღალი თანამდებობის პირებისთვის სანქციებსა და სავიზო შეზღუდვებს ითვალისწინებს. კერძოდ, მოიცავს შემდეგ დებულებებს: დაიწყოს აშშ-საქართველოს ურთიერთობების სრული გადახედვა, მათ შორის ყველა დახმარების პროგრამის; აღიარებული იქნეს ქართველი ხალხის მხარდაჭერა ქვეყნის კონსტიტუციით განმტკიცებული ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებისადმი ვალდებულების მიმართ; მოითხოვს აშშ-ის პრეზიდენტისგან სანქციების დაწესებას „ქართული ოცნების“ ოფიციალურ პირებსა და მათ ხელშემწყობებზე, რომლებიც კორუფციაში იყვნენ ჩართულნი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან გადახვევის მიზნით, ძირს უთხრიდნენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ან ჩართულნი იყვნენ სხვა კორუფციულ ქმედებებში, რაც ზიანს აყენებს საქართველოს სტაბილურობას; გააძლიერებს ხალხთა შორის კავშირებსა და თავდაცვით თანამშრომლობას, როდესაც საქართველო კვლავ იმოქმედებს საკუთარ კონსტიტუციურ მოთხოვნების მიხედვით; გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სრული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი რუსეთის უკანონო ოკუპაციის პირობებში; მხარს დაუჭერს სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც იცავს ქართველ ხალხსა და საქართველოს კონსტიტუციას „ქართული ოცნების“ მთავრობის მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისგან.