დავით მათიკაშვილი - „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვის პლაცდარმს ადგენს
დავით მათიკაშვილი - „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვის პლაცდარმს ადგენს

საქართველოს პარლამენტის იურიდიული საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი მიჩნევს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების შედეგად ქვეყანაში უპრეცედენტოდ გამჭვირვალე და დემოკრატიული წესი დადგინდა. როგორც დავით მათიკაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევ კონკურსზე საუბრისას აცხადებს, პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვის პლაცდარმს ადგენს.

„პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შესაბამისი ცვლილებები მიიღო და ამით უპრეცედენტოდ გამჭვირვალე და დემოკრატიული წესი დადგინდა. უპრეცედენტოდ გამჭვირვალედაა გაწერილი მთელი პროცედურა. მათ შორის ე.წ ამერიკული მოდელია გამოყენებული, როდესაც კომიტეტზე თითოეული კანდიდატის მიმართ შესაბამისი კითხვები იქნება დასმული, რაც საზოგადოებას აინტერესებს და ამ კითხვებზე პასუხებს მოვისმენთ.

ჩვენს პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს სასამართლოს კოლაფსი და სასამართლოს ჩიხში შეყვანა სურთ. როდესაც შერჩევის პროცესი უკვე დაიწყო, ჩვენ ოპოზიციის მხრიდან გაუგებარ მოთხოვნებს ვხედავთ. მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან არამოსამართლე წევრების გამოწვევის საკითხს, რომელიც დღეს არსებულ რეალობას არანაირად შეესაბამება“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

დავით მათიკაშვილის თქმით, ახლა მნიშვნელოვანი პროცესია დაწყებული, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურის დაწყებას გულისხმობს. მისივე თქმით, კანონის დადგენილი წესით, პროცედურა უკვე პარლამენტში გადაინაცვლებს და პარლამენტი ჩაერთვება საკითხის გადაწყვეტაში.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვის პლაცდარმს ადგენს. შერჩევის დროს ინტერესთა კონფლიქტი ფაქტობრივად გამოირიცხება იმ დადგენილი კრიტერიუმებიდან გამომდინარე, რომელიც ამ კანონში მიღებულია. ეს მხოლოდ ჩვენი მოწინააღმდეგეების სპეკულაციაა. ჩვენ აუცილებლად პროცესს უნდა დაველოდოთ, რომელიც უპრეცედენტოდ გამჭვირვალეა. თქვენ მსოფლიოში ვერცერთ ქვეყანას ვერ ნახავთ, სადაც კი ასეთი სახის რეგულაცია იყოს დადგენილი. საზოგადოება დაინახავს, რომ პროცესი გამჭვირვალედ წავა და პარლამენტი შესაბამის პროცედურების გავლით უზენაეს სასამართლოს დააკომპლექტებს. ჯერ ჩვენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან სიას ველოდებით“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

დატოვე კომენტარი