დავით მათიკაშვილი - საჭიროა კონსტიტუციურ დონეზე ისეთი რეგულაციების დაწესება, რომელიც შეწყალების საკითხზე წითელ ხაზებს დაადგენს
დავით მათიკაშვილი - საჭიროა კონსტიტუციურ დონეზე ისეთი რეგულაციების დაწესება, რომელიც შეწყალების საკითხზე წითელ ხაზებს დაადგენს

საჭიროა კონსტიტუციურ დონეზე ისეთი რეგულაციების დაწესება, რომელიც შეწყალების საკითხზე წითელ ხაზებს დაადგენს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

როგოც დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, მსჯავრდებულთა შეწყალების საკითხი ქართული რეალობისთვის ახალი პრობლემა არ არის.

„დაწყებული მიხეილ სააკაშვილიდან, რომელმაც ისე შეიწყალა გირგვლიანის მკვლელები, რომ თავის მონაწილეობას კიდევ უფრო მეტად ხაზი გაუსვა და ეს სტრასბურგის სასამართლომაც დაადგინა. შემდგომ მოდის გიორგი მარგველაშვილის ცნობილი შეწყალებები, ახლა ემატება ეს ყველაფერი. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ იკვეთება იმის აშკარა საჭიროება, შეწყალების საკითხი რეგლამენტირებული იყოს იმ საკანონმდებლო აქტით, რომელიც მისი სიმძიმის ექვივალენტია, ეს კონსტიტუციით უნდა დადგინდეს და შემდგომ აღარ გაჩნდება ისეთი კითხვის ნიშნები, რომელიც, შეიძლება, დღეს გაჩნდეს. დიდი იმედი მაქვს, რომ აქ არ უნდა იყოს სხვა, რაიმე ისეთ გარემოებაზე საუბარი, თუმცა თუ დაინტერესდა რომელიმე უწყება რაიმე საკითხით, ცხადია ყველამ ამ უწყებას პასუხი აუცილებლად უნდა გასცეს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, პრეზიდენტმა გამოიყენა ის დისკრეციული უფლება, რომელიც კონსტიტუციით ჰქონდა მინიჭებული.

„ერთი არის სამართლებრივი მხარე, მეორე არის მორალური. ამ საკითხზე, ქალბატონმა პრეზიდენტმა დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ მორატორიუმს აცხადებს, ანუ თავადვე ფიქრობს, რომ საკითხი საჭიროებს კიდევ უფრო მეტ დახვეწას. ამ პირობებში, ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება დროულად დაწყება მუშაობის ისეთ საკითხებზე, რომელიც საკანონმდებლო, კონსტიტუციურ დონეზე მოახდენს შეწყალების რეგლამენტირებას. ჩვენს ქვეყანაში ყველა ვალდებულია გასცეს პასუხი, თუკი ასეთი კითხვები საგამოძიებო ორგანოს გაუჩნდება. ყველა აბსოლუტურად, ამ შემთხვევაში, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სტატუსს, პრეზიდენტს თავისი ფორმა აქვს სამართალდამცავ სტრუქტურებთან ურთიერთობის, კონსტიტუციურ დონეზეა გაწერილი. თუმცა, ყველა შემთხვევაში, მაინც ყველამ, არ აქვს მნიშვნელობა სტატუსს, გამოძიების კითხვებს უნდა გასცეს პასუხი, თუკი ასეთი კითხვები გაჩნდება“, – განაცხადა მათიკაშვილმა.