დავით მათიკაშვილი – რეგიონის სახელმწიფოთა მეთაურები ამა თუ იმ ქვეყანაში ისეთ ღონისძიებებს ესწრებიან, რომელიც ამ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, ეს აქამდე ხდებოდა და მომავალშიც მოხდება

13:28, 01.07.2026

ყველამ კარგად იცის, რომ რეგიონის სახელმწიფოთა მეთაურები ამა თუ იმ ქვეყანაში ისეთ ღონისძიებებს ესწრებიან, რომელიც ამ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. ეს აქამდე ხდებოდა, ხდება დღეს და მომავალშიც მოხდება, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მეზობელ ქვეყანაში ირანის დელეგაციის ვიზიტი მოხდა, რომელსაც არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია.

„ჩვენს მეზობელ ქვეყანაში ირანის დელეგაციის ვიზიტი ვნახეთ, რომელსაც არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია. ახლა კი აბსურდს ცდილობენ, აბსოლუტურად ჩვეულებრივი, საერთაშორისო დიპლომატიისთვის დამახასიათებელი და აუცილებელი ფაქტორი – ინაუგურაცია იქნება, დაკრძალვა თუ ა.შ., რომელსაც ქვეყნის პირველი პირები ესწრებიან – მონათლონ ჩვენი სახელმწიფოს ისეთ პოლიტიკად, რომელსაც სახელმწიფო არ აწარმოებს. საქართველოსა და ირანს შორის არსებული მინიმალური ეკონომიკური ურთიერთობაც ამის დასტურია“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება. მათივე ცნობით, ცერემონიას რეგიონის ქვეყნების, მათ შორის თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და სხვა ქვეყნის ლიდერები დაესწრებიან.

მსგავსი