დავით მათიკაშვილი – რადიკალებისგან ბევრ ტყუილს მოვისმენთ, რადგან ცდილობენ, საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესი შენიღბონ პერსონალურ თავდასხმად, ავტოკრატიის დამყარების მცდელობად
რადიკალებისგან ბევრ ტყუილს მოვისმენთ, რადგან ცდილობენ, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი შენიღბონ რაიმე ფორმით პერსონალურ თავდასხმად, ავტოკრატიის დამყარების მცდელობად, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მათიკაშვილის თქმით, ამ ხუთი პარტიის ანტიკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივი ქცევა იმის დადასტურებაა, რომ საკონსტიტუციო სარჩელი ერთადერთი სწორი გზაა ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების გაჯანსაღებისთვის და გარედან მართული ე.წ. ოპოზიციის პოლიტიკური ველიდან გაყვანის.
„ეს აუცილებლად გადასადგმელი ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული აღმშენებლობისთვის. უკრაინაში, ბოლო სამი წლის განმავლობაში რვა პარტია აიკრძალა. ევროპის სახელმწიფოებში კი, 150 პოლიტიკური პარტია აიკრძალა. საქართველოში, როგორც ამას რადიკალები ნათლავენ, ეს დემოკრატიის უკუსვლაა? გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.