დავით მათიკაშვილი - რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ" გააკეთა, ეს არის უპატივცემულობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ
დავით მათიკაშვილი - რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ" გააკეთა, ეს არის უპატივცემულობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ

ის, რაც მათ გააკეთეს, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ სახე, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა, სადაც საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლების მხრიდან პრეზიდენტის მოხსენებით გამოსვლაზე ბოიკოტს გამოეხმაურა.

„რაც მათ გააკეთეს, ეს არის უპატივცემულობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. ეს არის მათი პოლიტიკის გაგრძელება. ამ პოლიტიკის განხორციელება სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელების დღიდან ხდება“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

მისი თქმით, მართალია, ითქვა, რომ გამოწვევები და პრობლემები იყო და ამ გამოწვევებს უნდა გავუმკლავდეთ, მაგრამ მთელმა მსოფლიომ დაადასტურა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები სამართლიან, მშვიდობიან, დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა და ეს ყველაფერი ერთადერთი, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და მისი მეორე ფრთისთვის არის ბუნდოვანი. 

„თქვენ ხომ ხედავთ, რასთან გვაქვს საქმე?! ის, რაზეც ზურაბ ჭიაბერაშვილი ამ ეთერში საუბრობდა, იყო დემაგოგიის უმაღლესი სტანდარტი. ზურაბ ჭიაბერაშვილს რომ უსმინო, სალომე ზურაბიშვილი რუსეთში იყო, მოსკოვში და იქ ესაუბრა პუტინს და არა ბრიუსელსა და ნატო-ში. მის საუბარს ზუსტად ასეთი შინაარსი ჰქონდა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ზურაბ ჭიაბერაშვილმა გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი 2008 წლის ომის დაწყებაში ადანაშაულებდა და გულში დღესაც ადანაშაულებს საკუთარ ქვეყანას, რომლის პრეზიდენტადაც ბიძინა ივანიშვილმა დასვა.

„თუ სალომე ზურაბიშვილს ქართული საზოგადოება იცნობს, იცნობს სწორედ იმით, რომ ის 2008 წლის ომის დაწყებაში ადანაშაულებდა და დარწმუნებული ვარ, გულში დღესაც ადანაშაულებს საკუთარ ქვეყანას, რომლის პრეზიდენტადაც ბიძინა ივანიშვილმა დასვა“- განაცხადა ჭიაბერაშვილმა.