დავით მათიკაშვილი - რაც უნდა მოიგონონ გახარიას პარტიაში, ვერ გაექცევიან გაკიცხვას, რომ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ყველაზე დესტრუქციულ ძალასთან თანამშრომლობენ
დავით მათიკაშვილი - რაც უნდა მოიგონონ გახარიას პარტიაში, ვერ გაექცევიან გაკიცხვას, რომ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ყველაზე დესტრუქციულ ძალასთან თანამშრომლობენ

გიორგი გახარიას გადადგომის დღიდან მუდმივად ვამბობდით, რომ ძალიან საეჭვოდ იკვეთება გარკვეული ალიანსი გახარიას პარტიასა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის. ეს ყველაფერი დადასტურდა ნაბიჯ-ნაბიჯ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა პარტია „საქართველოსთვის“ განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.

როგორც მათიკაშვილი აცხადებს, როდესაც რომელიმე პარტია გარკვეულ ზეწოლაზე საუბრობს, ამის დამადასტურებელი მტიცებულებაც უნდა წარადგინოს.

„ბოლო მოვლენები, რომელსაც ადგილი ჰქონდა სამეგრელოში, ცხადზე ცხადად ადასტურებს, რომ რეალურად ეს ორი ძალა, ერთი მხრივ დესტრუქციული „ნაციონალური მოძრაობა“ და მეორე მხრივ მოღალატეობის გზაზე დამდგარი გახარიას პარტია ნამდვილად თანამშრომლობენ და ნამდვილად გააჩნიათ თავისი ალიანსი. რაც შეეხება ე.წ. ზეწოლებს, რომელიც მომდინარეობს ამ თუ იმ პარტიის სპიკერებიდან, ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ და რასაც ვაცხადებთ, ეს ყველაფერი უნდა დავამტკიცოთ. სხვანაირად ეს ყველაფერი იქნება უბრალოდ საუბარი. რა ინსინუაციაც არ უნდა მოიფიქრონ ან მოიგონონ გახარიას პარტიის წარმომადგენლებმა, ისინი ვერ გაექცევიან საზოგადოებრივ გაკიცხვას იმ კონტექსტით, რომ ყველაზე დესტრუქციულ ძალასთან თანამშრომლობენ საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ოცნებამ“ განაახლა პარტია „საქართველოსთვის“ წევრების და მხარდამჭერების სისტემური დევნა პოლიტიკური ნიშნით.