დავით მათიკაშვილი - ქმედებები, რომლის გამოც არის კითხვები და ბრალდებები ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ, მთელმა საზოგადოებამ იხილა, აქ პოლიტიკური მდგენელი არის ნული
დავით მათიკაშვილი - ქმედებები, რომლის გამოც არის კითხვები და ბრალდებები ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ, მთელმა საზოგადოებამ იხილა, აქ პოლიტიკური მდგენელი არის ნული

საზოგადოებამ კარგად იხილა, როგორ მოქმედებდა ირაკლი ოქრუაშვილი იმ ცნობილ ღამეს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილმა ოქრუაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, შეფასებები გამოძიების დასრულების შემდეგ გაკეთდება.

„პირველ რიგში, ჩვენ ვიცავთ ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმფციას. მხოლოდ მაშინ გაკეთდება შესაბამისი შეფასება, როდესაც გამოძიება დასრულდება. მეორეა ის ფაქტები, რომელიც მართლა იხილა მთელმა საზოგადოებამ, რასაც, რა თქმა უნდა, სჭირდება სათანადო პასუხი კითხვებზე. ეს არის პოლიტიკური შემადგენლობისგან თავისუფალი, სადაც საზოგადოებას აინტერესებს ყოველი ადამიანის როლი, რომელიც იმ ღამეს ძალადობრივად ცდილობდა პარლამენტის შენობაში შეჭრას. ყველა დანარჩენ საკითხს, რა თქმა უნდა, გამოძიება გასცემს პასუხს.

ქმედებები, რომლის გამოც არის კონკრეტული კითხვები და ბრალდებები ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ, იხილა მთელმა საზოგადოებამ და ყველამ ნახა, რას ედავება სახელმწიფო. აქ პოლიტიკური მდგენელი არის ნული“, – განაცხადა დეპუტატმა.

ირაკლი ოქრუაშვილი 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. ამასთან, შსს-მ კიდევ ოთხი პირი დააკავა.