დავით მათიკაშვილი - ქართული სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ აფხაზ და ოს მოქალაქეებზე ყველა სიკეთე გავრცელდეს
დავით მათიკაშვილი - ქართული სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ აფხაზ და ოს მოქალაქეებზე ყველა სიკეთე გავრცელდეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ქართული სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ აფხაზ და ოს მოქალაქეებზე ის სიკეთეები გავრცელდეს, რაც საქართველოს დანარჩენი მოქალაქეებისთვის არის გათვალისწინებული.

ჟურნალისტებთან საუბარში დავით მათიკაშვილი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სამშვიდობო პოლიტიკასთან დაკავშირებით მოცულობითი პაკეტის დეტალების განხილვა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა.

„პრემიერს ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმაში ვეთანხმები. ჩემი აზრით, ეს გეგმა ხელს ინტერგაციის პროცესს შეუწყობს. რუსეთის ფაქტორი მნიშვნელოვანია. კერძოდ, რამდენად მისცემს მოსკოვი აფხაზებსა და ოსებს იმის საშუალებას, რომ მაქსიმალური დაახლოება მოხდეს. საქართველო და ქართული სახლემწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ აფხაზ და ოს მოქალაქეებზე ის სიკეთეები გავრცელდეს, რაც დანარჩენი მოქალაქეებისთვის არის გათვალისიწნებული“, – დასძენს მათიკაშვილი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ახალი სამშვიდობო ინიციატივა –  „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ წარადგინა, რომელიც სამ მიმართულებას გულისხმობს: პირველი მიმართულება – ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის გაფართოება და გამარტივება ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით;

მეორე მიმართულება – ხარისხიანი განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა და წვდომის გამარტივება განათლების ყველა საფეხურზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ;

მესამე მიმართულება კი, ისეთი მექანიზმის შექმნაა, რომლითაც მარტივდება წვდომა იმ სიკეთეებსა და სარგებელზე, რომლებიც ქვეყნის განვითარების შედეგად, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე ხელმისაწვდომი გახდა – ეს არის უვიზო მიმოსვლის უფლება, თავისუფალი ვაჭრობის უფლება და ა.შ.