დავით მათიკაშვილი - „ქართული ოცნება“ ერთადერთი ძალაა, რომელმაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლის თარიღი კონსტიტუციის დონეზე განსაზღვრა
დავით მათიკაშვილი - „ქართული ოცნება“ ერთადერთი ძალაა, რომელმაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლის თარიღი კონსტიტუციის დონეზე განსაზღვრა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელმაც მაჟორიტარული სისტემის გაუქმების და პროპორციულ სისტემაზე გადასვლის თარიღი კონსტიტუციის დონეზე განსაზღვრა.

ჟურნალისტებთან საუბარში მათიკაშვილი მაჟორიტარული სისტემის გაუქმების შესახებ ოპოზიციის მოთხოვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპოზიციას 2016 წლამდე არაერთი შესაძლებლობა ჰქონდა, მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე გადაწყვეტილება თავად მიეღო ან მერვე მოწვევის პარლამენტში პროპორციულ სისტემაზე გადასვლას დათანხმებოდა.

„ამას არ დაეთანხმნენ, აღნიშნული შეთავაზება სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაშიც იყო, მაგრამ კომისია დატოვეს, მუშაობაში მონაწილეობა არ მიიღეს და ამით თავიანთი პოზიცია გამოხატეს. ეს საკითხი კონსტიტუციურად დადგენილია, ვენეციის კომისიას დადებითი დასკვნა აქვს და პროექტი საერთაშორისო პარტნიორებმაც მოიწონეს. „ქართული ოცნება“ ერთადერთი ძალაა, რომელმაც შეძლო, კონსტიტუციაში კონკრეტული თარიღი ჩაეწერა, რაც ქვეყნისა და კონსტიტუციის გამარჯვებაა”, – განაცხადა მათიკაშვილმა.

საქართველოს ახალი კონსტიტუციით, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები შერეული – მაჟორიტარული და პროპორციული სისტემით ჩატარდება, შემდეგი არჩევნებისთვის კი, მაჟორიტარული სისტემა გაუქმდება.