დავით მათიკაშვილი – ქართულ მართლმსაჯულებასა და ქვეყნის სუვერენიტეტზე უხეშ და თავხედურ თავდასხმას ვხედავთ, მოსამართლეებზე ზეწოლის უფლება არავის არ აქვს, არც ქვეყნის შიგნიდან და არც მის გარეთ
ევრობიუროკრატიამ ზეწოლის შემცველი განცხადებების გაკეთება დაიწყო, როგორც კი საფრთხის ქვეშ დადგა საქართველოში აგენტურული ოპოზიცია, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მოსამართლეებზე ზეწოლის უფლება არავის არ აქვს, არც ქვეყნის შიგნიდან და არც მის გარეთ.
„ქართულ მართლმსაჯულებასა და ქვეყნის სუვერენიტეტზე ძალის უხეშ და თავხედურ თავდასხმას ვხედავთ, რომლის მიზანს ჯერ არშემდგარი სასამართლო პროცესის ფონზე მოსამართლეებზე ზეგავლენის მოხდენა წარმოადგენს. ეს მაშინ ხდება, როცა ანტიკონსტიტუციური პარტიების აკრძალვის მთელი კასკადი იყო უკრაინაში, მოლდოვაში. მაშინ ამ საკითხზე ხმა არავის ამოუღია. პირიქით, უკრაინასა და მოლდოვაში არსებული მოცემულობა დემოკრატიის აყვავებად მიიჩნიეს. ევრობიუროკრატიამ შესაბამისი განცხადებების გაკეთებაც არ დააკლო. საქართველოსთან მიმართებაში როგორც კი საფრთხის ქვეშ დადგა აგენტურული ოპოზიცია, მეხუთე კოლონა და გაჩნდა ქვეყნის პოლიტიკური სივრციდან მათი გაქრობის რეალური მოცემულობა, ზეწოლის შემცველი განცხადებების გაკეთება დაიწყეს. მოსამართლეებზე ზეწოლის უფლება არავის არ აქვს, არც ქვეყნის შიგნიდან და არც მის გარეთ. მაშინ, როდესაც ევროკომისია სპიკერის მეშვეობით ცდილობს მოსამართლეებზე გავლენა და ზეწოლა მოახდინოს, ეს ინსტიტუცია ავტორიტეტსაც კარგავს, მნიშვნელობასაც და მისი ორმაგი სტანდარტია სწორედ ევროსკეპტიციზმის გამაღვივებელი, რაც, სამწუხაროდ, ქვეყანაში გროვდება და კიდევ უფრო მეტად დაგროვდება“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.