საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის შეფასებით, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დეპუტატებზე გაიბუტა და საკანონმდებლო ორგანოდან გაიქცა.
როგორც ჟურნალისტებს მათიკაშვილმა განუცხადა, გუშინ დეპუტატებმა პრეზიდენტის მხრიდან ძალიან მშრალი, არაფრის მთქმელი და სუბიექტური გამოსვლა მოისმინეს, სადაც ძალიან ბევრი კითხვა გაჩნდა.
„როცა დებატების რეჟიმში, პრეზიდენტს დეპუტატებმა კითხვის ნიშნებზე მიუთითეს, პრეზიდენტმა კითხვებს არათუ პასუხი გასცა, არამედ ქვეყნის პირველმა პირმა რეგლამენტის დარღვევა და დებატების ისეთ რეჟიმში გადატანა მოითხოვა, რაც კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის. შესაბამისად, პასუხის ნაცვლად დარბაზი დატოვა. ფაქტობრივად, პრეზიდენტი გაიქცა და გაიბუტა. დარბაზიდან გავიდა და თითქოს „პრინციპული“ მოთხოვნით რეგლამენტის დარღვევა მოითხოვა. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი იმით დასრულდა, რომ პრეზიდენტმა კითხვებს არათუ პასუხები არ გასცა, არამედ მოსაზრებები და მითითები არც მოისმინა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
დეპუტატის თქმით, პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმას, რომ მას ინსტიტუციებთან მიმართებაში პრობლემა გაჩნია.
„საქართველოს პრეზიდენტი ოპოზიციურ პრეზიდენტად გადაიქცა და ისეთი პრეზიდენტი გახდა, რომელიც ძალიან ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე შესაბამის მოსაზრებებს ისმენს. ფაქტობრივად, ის ქვეყნის ინტერესებს ემიჯნება. ძალიან კარგია, რომ მოახლოებულია საპრეზიდენტო არჩევნები და ძალიან მალე საქართველოს ღირსეული პრეზიდენტი ეყოლება, ისეთი, როგორსაც საქართველო იმსახურებს“, – განაცხადა დეპუტატმა.
მათიკაშვილი „ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა, რომელმაც პრეზიდენტის მსგავსად, სხდომათა დარბაზი დატოვა.
„შესაძლებელია, ოპოზიციის მხრიდან ეს იმ მოსაზრების გაქარწყლების მცდელობა იყოს, თითქოს, „ქართულ ოცნებასთან“ რაიმე კავშირში და ალიანსში არიან. რა ნაბიჯი გადადგეს, სჯობს, ამას პასუხი თავად გასცენ. მათ ეს ნაბიჯი საკუთარი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე გადადგეს. ეს მათი ოპოზიციური დღის წესრიგია“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
გიორგი მარგველაშვილი ითხოვდა, რომ დეპუტატების სიტყვით გამოსვლისას მასაც მისცემოდა პასუხის გაცემის საშუალება. ირაკლი კობახიძემ კი მას განუმარტა, რომ რეგლამენტის მიხედვით ყველა კითხვაზე პასუხის შესაძლებლობა საბოლოო სიტყვით გამოსვლისას ექნებოდა. ამის შემდეგ, გიორგი მარგველაშვილმა პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომა დატოვა.
მოგვიანებით, პარლამენტში იმსჯელეს საკითხზე, შეეცვალათ თუ არა დებატების ფორმატი. საკითხს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა.