დავით მათიკაშვილი - პრემიერის წერილი დონალდ ტრამპისა და ჯეი დი ვენსისადმი იქნება კარგი და სასარგებლო დიპლომატიური ურთიერთობებისთვის, თუ ამ ყველაფერს სათანადო პასუხი გაეცემა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტრამპისა და ჯეი დი ვენსისადმი ღია წერილში ძალიან მკაფიოდ ჩამოაყალიბა ქართული მხარის პოზიცია, წერილში ყურადღება აქცენტებზეა გამახვილებული, თუ როგორ ედგა მხარში წლების განმავლობაში საქართველო, როგორც შეერთებული შტატების სანდო პარტნიორი, ამერიკელ მეგობრებს სამხედრო მისიებში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მხრიდან ამ სტრატეგიული პარტნიორობის ჭრილში ყველა ნაბიჯი პირნათლად იყო შესრულებული.
„უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, გლობალური „დიფ სთეითის“ ზეგავლენით, ჩვენმა ქვეყანამ არ გადადგა ისეთი ნაბიჯები, რაც არ შედიოდა საქართველოს ინტერესებში, რაც ჩვენი ქვეყნის საბოლოო ჩამონგრევას, დაქცევას მოასწავებდა. მოხდა გაუგონარი ზეწოლა ქართულ სახელმწიფოზე, რომ დამღუპველ პრიცესებში შესულიყო. ამ ყველაფრის ფონზე კი, შემდგომ, დაისაჯნენ და დასანქცირდნენ კონკრეტული თანამდებობის პირები. პარტნიორობა, რომელიც არსებობდა, იყო ცალმხრივად გაუქმებული შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციის მიერ“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
მისი თქმით, ჩნდება კითხვა, რატომ არ ექცევა სათანადო ყურადღება შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციისგან იმ ქვეყანას, რომელიც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ უსამართლოდ იყო დაჩაგრული?
„დონალდ ტრამპის რიტორიკით, მის მიერ დაყენებული მკაფიო მესიჯბოქსით, რომელიც ეხება როგორც ოჯახურ ღირებულებებს, ისე „იუესეიდისა“ და „ნედის“ თემატიკას, კიდევ ერთხელ აშკარად ხაზგასმით გამოაშკარავდა ის, რაზეც ჩვენ არაერთგზის ვსაუბრობდით, რატომაც ვიღებდით თავის დროზე გამჭვირვალობის კანონს, თუ როგორ აწყობდა „იუესეიდი“ რევოლუციებს სხვადასხვა ქვეყანაში, როგორ ერეოდა სხვადასხვა ქვეყნის შიდა საქმეში დემოკრატიის ჩამოსაქცევად. ამ ყველაფერში, და არამხოლოდ, მათ შორის უკრაინაში ომის დაწყებასთან დაკავშირებით, საქართველოსა და დონალდ ტრამპის პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა. ამ ყველაფრის ფონზე კითხვის ნიშანი ჩნდება, რატომ არ ხდება შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის მხრიდან სათანადო ყურადღების მიქცევა იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ აშკარად უსამართლოდ იყო დაჩაგრული?“ – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
მისივე განცხადებით, საქართველოს წინააღმდეგ იყო გამოყენებული ის რესურსები, რაც არ ესადაგება პარტნიორულ ურთიერთობას.
„შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატა იღებს დოკუმენტს, რომელსაც სრულიად ცინიკურად არქმევს „მეგობარ აქტს“, სადაც საქართველოს, ქართველი ხალხის და მათ მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ მტრული შინაარსია. ეს აქტი არის სრულიად დაცლილი რეალური ფაქტებისგან. მასში არსებული გარემოებები არასწორი და ტყუილია. ამ ყველაფრის ჭრილში ჩვენი ქვეყანა მოელის შეერთებული შტატებისგან, მისი ახალი ხელისუფლებისგან მკაფიო პოზიციას, მკაფიო ნაბიჯებს საქართველოსთან მიმართებით, იმ ქვეყანასთან მიმართებით, რომელმაც ათწლეულების განმავლობაში უზარმაზარი კონტრიბუცია შეიტანა შეერთებული შტატების და ნატო-ს ეგიდით წარმოებულ საომარ მისიებში. ქართველმა სამხედროებმა სიცოცხლე და ჯანმრთელობა შესწირეს ამ მისიებს და ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი, ნატო-ს წევრ ქვეყნებთან ერთად, იყო ჩვენი ქვეყანა სამხედროების რაოდენობის კუთხით. ამ პარტნიორული ურთიერთობის ჭრილში მოველით რეალურ ნაბიჯებს შეერთებული შტატებისგან. ეს ნაბიჯები რომ აგვიანებს, ცხადია, კითხვის ნიშნებს იწვევს. წერილი არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული და, ბუნებრივია, იქნება ძალიან კარგი და სასარგებლო დიპლომატიური ურთიერთობებისთვის, თუ ამ ყველაფერს სათანადო პასუხი გაეცემა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.