დავით მათიკაშვილი - პარლამენტის თავმჯდომარის წერილში მკაფიო აქცენტებია, მოვიდა დრო, ევროკავშირის ელჩმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა ხმა აიმაღლონ იმ ძალადობაზე, რომელიც საქართველოში ხდებოდა
დავით მათიკაშვილი - პარლამენტის თავმჯდომარის წერილში მკაფიო აქცენტებია, მოვიდა დრო, ევროკავშირის ელჩმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა ხმა აიმაღლონ იმ ძალადობაზე, რომელიც საქართველოში ხდებოდა

ვხედავთ ევრობიუროკრატიის და ევროკავშირის ელჩის მცდელობას, ტყუილი ნარატივით თავს დაესხან ჩვენს ქვეყანას, რადგან არ დაუკმაყოფილდათ მოთხოვნა, საქართველოში მორჩილი, ცალ ფეხზე მდგომი ხელისუფლება ჰყოლოდათ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, არ უნდა გაგრძელდეს ევროკავშირის მხრიდან ორმაგი სტანდარტებით გაჯერებული პოლიტიკა საქართველოს მიმართ.

„9 მაისი გახლავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღე. რომ არა ეს მოვლენა, რომელშიც ქართველ ერს დიდი როლი აქვს, ვერავინ იზეიმებდა ევროპის დღეს, ვერ შედგებოდა ევროკავშირი. შესაბამისად, ტყუილი ნარატივით საზოგადოებასთან ურთიერთობა, ის, რაც ვიხილეთ, მაგალითად, შარშან ევროკავშირის ელჩისგან, არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს საზოგადოებაში ევროსკეპტიციზმის ხელშემწყობი.

უპირველესად ევროკავშირის მხრიდან უნდა იყოს ამის არდაშვების მცდელობა, ჩვენ კი საპირისპიროს ვხედავთ. ვხედავთ, პრაქტიკულად, ევრობიუროკრატიის და ევროკავშირის ელჩის მცდელობას, ტყუილი ნარატივით თავს დაესხან ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს, რადგან არ დაუკმაყოფილდა მოთხოვნა, საქართველოში მორჩილი, ცალ ფეხზე მდგომი ხელისუფლება ჰყოლოდათ. ქართველმა ხალხმა არა ევროჩინოვნიკების და გარე ძალების, არამედ საკუთარი ნება-სურვილით მიიღო გადაწყვეტილება და ხელისუფლებაში აირჩია ის ძალა, რომელსაც ენდობა; ძალა, რომელიც იცავს ქვეყნის სუვერენიტეტს, ეკონომიკურ სიძლიერეს და მშვიდობას. ამიტომაც, დროა, თვალი გაუსწორონ ამ რეალობას.

პარლამენტის თავმჯდომარის წერილში არის ძალიან მკაფიო და სწორი აქცენტები გაკეთებული აბსოლუტურად ყველა მიმართულებით და ის დროც მოვიდა, რომ ევროკავშირის ელჩი იქნება ეს თუ სხვა ოფიციალური პირი ევრობიუროკრატიისგან, ხმა აიმაღლონ იმ ძალადობაზე, რომელიც საქართველოში ხორციელდებოდა. თუნდაც 4 ოქტომბრის დღე, თუნდაც ის მოვლენები, რომელიც 2024 წლის დეკემბერში განვითარდა და ამას მკაფიოდ დაარქვან სახელი. აღარ გაგრძელდეს ის ორმაგი, თითიდან გამოწოვილი მიზეზით გაჯერებული პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართა.