დავით მათიკაშვილი - ოპოზიციამ თავი დაანებოს ქუჩის აქციებს, ცესკო-ზე თავდასხმებს და პარლამენტში გადაინაცვლოს
დავით მათიკაშვილი - ოპოზიციამ თავი დაანებოს ქუჩის აქციებს, ცესკო-ზე თავდასხმებს და პარლამენტში გადაინაცვლოს

სერგი კაპანაძის განცხადება საკუთარ პოლიტიკურ სურვილებს და ვიწროპარტიულ ინტერესებს ემსახურება, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წევრი დავით მათიკაშვილი „ევროპული საქართველოს“ წევრის სერგი კაპანაძის განცხადებას.

მათიკაშვილის თქმით, ის ფაქტი, რომ ხმების გადათვლის შემდეგ შესაძლებელია, პროცენტის როგორც აწევა, ისე დაწევა, ვაჭრობა არ არის.

მათიკაშვილის განცხადებით, ოპოზიციამ ქუჩის აქციებსა და ცესკო-ზე თავდასხმებს თავი უნდა დაანებოს და პარლამენტში შევიდეს.

„ოპოზიციას ყოველთვის ის ესმის, რისი გაგებაც უნდა და არა ის, რაც განცხადების შინაარსშია. ეუთო/ოდირი-ს სადამკვირვებლო მისიამ და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ერთხმად აღნიშნეს, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ, დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში. შესაძლოა, ამ არჩევნებს თან სდევდეს გარკვეული გამოწვევები, რომელიც არჩევნების შედეგებზე რადიკალურ გავლენას ვერ მოახდენს. საარჩევნო უბნების გადათვლა მიმდინარეობს, ეს უპრეცედენტო შემთხვევაა ქართულ რეალობაში და არაფერი მომხდარა. ამ რეალობაში შესაძლებელია „ქართული ოცნების“ მაჩვენებელმა დაიწიოს ან აიწიოს. არის შემთხვევა, როცა ხმები „ქართულ ოცნებას“ აკლია და გადათვლის შედეგად ბალანსი და სიზუსტე დგინდება.

სერგი კაპანაძის განცხადება საკუთარ პოლიტიკურ სურვილებს და ვიწროპარტიულ ინტერესებს ემსახურება, პოლიტიკურ ქულებს იწერს. საუბარი არ არის არანაირ ვაჭრობაზე. ლაპარაკია იმაზე, რომ რეალობას თვალებში შეხედონ, დესტრუქციულ ქმედებებს და ცესკო-ზე თავდასხმებს თავი დაანებონ. საზოგადოება კარგად ხედავს, საქმე რასთან გვაქვს. ის რეალობა მიიღონ, რაც საერთაშორისო საზოგადოებოებამ თითოეულ ჩვენთაგანს გვითხრა, რომ მიიღეთ არჩევნების შედეგიო. ისე მოიქცენ, როგორც იქცევიან პოლიტიკოსები და არა – პოლიტიკანები.

თავი დაანებონ ქუჩის აქციებს, პარლამენტში გადაინაცვლონ და იქ ყველამ თავისი პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე იმოქმედოს. გამოსავლის წერტილი ეს არის და არა სხვა რამ. არანაირი ვაჭრობა არ არის. გადათვლებიდან გამომდინარე შეიძლება, პროცენტმა როგორც დაიწიოს, ასევე აიწიოს. საუბარი იმაზე არ არის, რომ ხელისუფლება ვინმესთან გარიგებაში შედის. გადაწყვეტილება ქართველმა ხალხმა მიიღო. 48-პროცენტიანი მხარდაჭერა იმას ნიშნავს, რომ თითქმის მეორე ამომრჩეველი მხარს „ქართულ ოცნებას“ უჭერს. კარგად იციან, რომ საზოგადოებაში იმაზე მეტი მხარდაჭერა არ გააჩნიათ, რაც აქვთ“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

დატოვე კომენტარი