დავით მათიკაშვილი - ნიკოლოზ თავაძის შეწყალებაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება შეთქმულების თეორიას ჰგავს, რომელსაც სპეციალურად ავითარებენ
დავით მათიკაშვილი - ნიკოლოზ თავაძის შეწყალებაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება შეთქმულების თეორიას ჰგავს, რომელსაც სპეციალურად ავითარებენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის შეფასებით, ნიკოლოზ თავაძის შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება სამართლებრივი აბსურდია და შეთქმულების თეორიას ჰგავს, რომელსაც სპეციალურად ავითარებენ.

ჟურნალისტებთან საუბარში დავით მათიკაშვილი პრეზიდენტის მრჩევლის, კახა კოჟორიძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის მიერ დაშვებული შეცდომების სხვაზე გადაბრალების მცდელობაა.

„განცხადება სამართლებრივი აბსურდია და შეთქმულების თეორიას ჰგავს, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია სპეციალურად ავითარებს. რას ჰქვია, ინფორმაცია არ მიაწოდეს? ეს ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციას თავად უნდა მოეთხოვა და იმ ადამიანის შესახებ ყველა დოკუმენტი და ცნობა შეეგროვებინა, ვისაც იწყალებს. ეს ცხადზე, ცხადია. მცდელობაა იმის, რომ პრობლემები კიდევ ერთხელ სხვას გადააბრალონ, რომელსაც რეალურად პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია უშვებენ. შეწყალებების არაადეკვატური ციფრი ფიქსირდება, რომელიც მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში ბრალდებული და გასამართლებული პირების შეწყალებას ეხება. ეს ციფრები ყოველგვარი კონტექსტიდან ამოვარდნილია“, – აცხადებს მათიკაშვილი.

დეპუტატის თქმით, შეწყალების უფლება კონსტიტუციაში შენარჩუნებული იქნება, თუმცა სანამ პრეზიდენტი გადაწყვეტილებას მიიღებს, კომისიის დონეზე გარკვეულ რეგულაციებზე მსჯელობა შესაძლებელია.

„კომისიის დავალდებულება უფრო მეტად უნდა მოხდეს, რომ უფრო კარგად შეისწავლოს ყველა პიროვნება, რომლის შეწყალებაზეც არის საუბარი. მიუხედავად იმისა, კომისია რა გადაწყვეტილებას მიიღებს, საბოლოო ჯამში, ეს პრეზიდენტის გადასწყვეტი საკითხია. პრეზიდენტი ძალიან კარგად უნდა დაფიქრდეს, სანამ ასეთ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს. კომისიის მუშაობის დღის წესრიგის მიუხედავად, საკითხი პრეზიდენტის გადასაწყვეტია და მან შეუიარაღებელი თვალითაც კი უნდა ნახოს და ის პიროვნება შეისწავლოს, ვისაც იწყალებს. პრეზიდენტი ისეთ ადამიანს იწყალებს, ვისი სასამართლო პროცესიც დასრულებული არ არის და ახლა ცდილობს, ხელი სხვისკენ გაიშვიროს, რაც რთული მდგომარეობიდან თავის დაძრომის მცდელობას ჰგავს“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ერთ-ერთი მსჯავრდებული ნიკოლოზ თავაძე ისე შეიწყალა, რომ მის საქმეზე სასამართლო განხილვები დასრულებული არ იყო. საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის, კახა კოჟორიძის შეფასებით კი, ასეთი ინფორმაციები „პოლიტიკური სპექტაკლია“, რომელიც მმართველი პარტიის მიერაა დაკვეთილი.