დავით მათიკაშვილი - ნამდვილად დადებითად შეგვიძლია, შევაფასოთ ის წერილი, რომელიც აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტისგან მიიღო საქართველოს პრეზიდენტმა, ქვეყნის მთავრობამ და ხალხმა
ნამდვილად დადებითად შეგვიძლია, შევაფასოთ ის წერილი, რომელიც ამერიკის მოქმედი პრეზიდენტისგან მიიღო საქართველოს პრეზიდენტმა, ქვეყნის მთავრობამ და ხალხმა, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის, „დღის თემის“ წამყვანის შეკითხვას, განიხილავს თუ არა მმართველი გუნდი ურთიერთობის ნორმალიზების საფუძვლად პრეზიდენტ ტრამპის მისალოც წერილს.
„ასე შეგვიძლია, დავასათაუროთ და აღვნიშნოთ. ფაქტია, რომ ამ წერილმა ისედაც ზღვარს ქვემოთ დაშვებული რადიკალური ოპოზიცია კიდევ უფრო მეტად გაანადგურა. ამაზე მეტი აღარ არსებობს, სასაცილოები არიან თავის შეფასებებში, რასაც ამბობენ. მეორე ფაქტია ის, რომ წერილში მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული აშშ-ის პრეზიდენტის მიდგომა და სურვილები საქართველოსთან მიმართებით, ქვეყნის მთავრობასთან მიმართებით. აქ არის საუბარი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე, ახალი ეკონომიკური არეალების გაჩენაზე, გაფართოებაზე და, რაც ყველაზე მთავარია, არის გამოკვეთილად ნახსენები მშვიდობა, მშვიდობის თემატიკა“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, როგორ შეაფასებს ოპოზიციის ლიდერთა განცხადებებს, რომლებიც წერილს პროტოკოლურ ტექსტად მიიჩნევენ და, გარკვეულწილად, ამყარებს თუ არა მათ პოზიციებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს აბსოლუტურად განსხვავებული შინაარსის მატარებელი განცხადება, რომელიც ერთი დღით უსწრებდა ტრამპის მილოცვას, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რომ ზუსტად ეს არის ის სამწუხარო რეალობა, რომელიც არის აშშ-ის დღევანდელობა, სადაც „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ გამოცხადებული ბრძოლა არის გარკვეულ ფაზაში.
„ახლა ჩვენ ვერ ვიტყვით, ეს ფაზა გადამწყვეტია, დასრულების ეტაპზეა თუ დასაწყისშია, მაგრამ ფაქტია, ეს აშკარა დაპირისპირება მიმდინარეობს პრეზიდენტ ტრამპსა და გლობალურ ნეგატიურ ძალებს შორის, რომელსაც თვითონ ტრამპმა უწოდა ეს სახელი. ტრამპი ორიგინალური არ არის ამაში, თქვენ იცით, რომ ეს ისედაც ისტორიაში დამკვიდრებული სახელია. ის წერილი შემდგომ წერილთან მიმართებით გამორჩეულად ამორფული, კონტექსტიდან ამოვარდნილი წერილია, სადაც არის საუბარი ისეთ თემებზე, რომლებიც ქართულ-ამერიკული ურთიერთობის გადატვირთვას და ახალი ფურცლიდან დაწყებას ნამდვილად არ ემსახურება. ის აშკარად ემსახურება ლაიტმოტივს სამწუხარო პოლიტიკისა, რომელსაც აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ახდენდა და აწარმოებდა ჩვენი ქვეყნის და არამხოლოდ საქართველოს მისამართით. ამ ყველაფერს მოჰყვა 26 მაისის მოლოცვა პრეზიდენტ ყაველაშვილის მიმართებით და საქართველოს მთავრობის მიმართებით, რომელიც აირჩია მილიონ 200 000-მა ქართველმა და რომლის იგნორირება-ნიველირების მცდელობაც ჰქონდა ერთი დღით ადრე მიღებულ წერილში არსებულ შინაარსს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
მისი თქმით, ბურთი ახლა მთლიანად აშშ-ის მოედანზეა.
„სურვილის რეალიზებას წინ არაფერი არ უდგას. ახლა ბურთი არის მთლიანად აშშ-ის მოედანზე. სურვილი თუ აქვთ, რომ საქართველოსთან ახალი ფურცლიდან განაახლონ-გადატვირთონ ურთიერთობა, რასაც ტრამპის წერილი თავისთავად მეტყველებდა, ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია, გახსნილი და არა რაღაც ჩუმად და ა.შ.“ – განაცხადა მათიკაშვილმა.
შეკითხვაზე, რატომ აკეთებს აშშ-ის საელჩო უკვე მეორედ აქცენტირება-ხაზგასმას, ახსენებს პირობებს, ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადადგას და რა ნაბიჯებს მოიაზრებს საელჩო, დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, რომ, ზოგადად, პარტნიორულ ურთიერთობებს ანგრევს უსამართლობა დამოკიდებულება, საქართველოს სჭირდება სამართლიანი მიდგომა და პარტნიორული ურთიერთობების აღდგენა-გამოსწორების წინაპირობა შეიძლება იყოს სამართლიანი, ობიექტური დამოკიდებულება, მოსახლეობის მიერ გაკეთებული არჩევანის აღიარება.
„იმისთვის, რომ ურთიერთობები გადაიტვირთოს, იმისთვის, რომ ჩვენ ურთიერთსასარგებლო, ურთიერთმისაღებ პირობებზე შევჯერდეთ, ეს უნდა იყოს თანაბარი, თანასწორი პარტნიორული ურთიერთობა, რომელიც იქნება ურთიერთსარგებლიანი“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.