დავით მათიკაშვილი - „ნაციონალური მოძრაობისა“ და პირადად მიხეილ სააკაშვილის მეგობრები საქართველოზე რაღაც ახალ თავდასხმას გეგმავენ
დავით მათიკაშვილი - „ნაციონალური მოძრაობისა“ და პირადად მიხეილ სააკაშვილის მეგობრები საქართველოზე რაღაც ახალ თავდასხმას გეგმავენ

პარტია „ნაციონალური მოძრაობისა“ და პირადად მიხეილ სააკაშვილის მეგობრები საქართველოზე რაღაც ახალ თავდასხმას გეგმავენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილმა კომენტარი გააკეთა ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას მიერ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით. ფოტიგამ აღნიშნა, რომ 29 ნოემბერს „ევროპული კონსერვატორებისა და რეფორმისტთა“ ჯგუფი გამართავს პანელს, რომლის მთავარი თემა იქნება „ოლიგარქი, რუსული კავშირები, ომი უკრაინაში და საქართველოს მომავალი“.

მათიკაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობისა“ და პირადად მიხეილ სააკაშვილის მეგობრებმა მიიღეს რეზოლუციები, სადაც სრულიად უსაფუძვლოდ და ამორფულად შეიტანეს გარკვეული ინფორმაცია, რომელიც სინამდვილეს აბსოლუტურად არ შეესაბამება და აცდენილია რეალობას.

„ამ რეზოლუციის ავტორები, თავად „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მეგობრები კიდევ ერთ პროვოკაციულ ნაბიჯს გეგმავენ, რომლის უკან არაფერი დგას. ის, რომ საქართველო არის დასავლეთის ნაწილი და საქართველოს სწრაფვა არის ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ ოჯახში, ამ წიაღსვლების ავტორებმა გადაშალონ საქართველოს კონსტიტუცია და კარგად ამოიკითხონ.

„ქართულმა ოცნებამ“ კონსტიტუციის დონეზე მიიღო, რომ ქვეყანა ევროპული მიმართულებით მიდის. ეს ყველაფერი არის იმ მეგობრობის გამოძახილი, რაც ამ ადამიანებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და პირადად მიხეილ სააკაშვილთან აკავშირებთ“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.