დავით მათიკაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი პრორუსული ქმედებებით იყო გაჯერებული
დავით მათიკაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი პრორუსული ქმედებებით იყო გაჯერებული

ომის დამთავრებიდან რამდენიმე თვეში მოხდა სკანდალური რეზოლუციის მხარდაჭერა, სადაც პირდაპირ არის ქართული მხარე დადანაშაულებული ცხინვალის კასეტური ბომბებით დაბომბვაში,- ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.

საუბარია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, სადაც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოდან პრორუსული ხელისუფლების მოშორება უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესებშია.

„ეს არის მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივი. რეალურად, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი პრორუსული ქმედებებით იყო გაჯერებული, განსაკუთრებით, 2008 წელი. ომის დამთავრებიდან რამდენიმე თვეში მოხდა სკანდალური რეზოლუციის მხარდაჭერა, სადაც პირდაპირ არის ქართული მხარე დადანაშაულებული ცხინვალის კასეტური ბომბებით დაბომბვაში. სტრატეგიული ობიექტები გასხვისებულია სწორედ ომის შემდეგ, რუსეთზე“,- განაცხადა მათიკაშვილმა.

დეპუტატის შეფასებით, სააკაშვილის მოღალატეობრივი პოლიტიკა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უკრაინაში, ადასტურებს, რომ მას აქვს მცდელობა ჩამოირეცხოს პრორუსული საქმეების ლაქა და გაასაღოს საკუთარი თავი პროდასავლურ ძალად, რაც ფაქტებიდან გამომდინარე არ დასტურდება.

„სააკაშვილი გასამართლებულია საქართველოში, მისი პოლიტიკური „მოღვაწეობა“ მძიმე დაღად დაესვა ქვეყანას. დრო მოვა, როცა მის მიმართ დამდგარი განაჩენი აღსრულდება და პირები, ვინც მხარს უჭერენ, მალე მიხვდებიან, რომ არ შეიძლება ის ხელისუფლებასთან დაახლოებული იყოს რაიმე ფორმით“,- განაცხადა მათიკაშვილმა.