დავით მათიკაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ სურვილია, პროცესები ერთგვარი რევოლუციური სცენარით წარმართონ
დავით მათიკაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ სურვილია, პროცესები ერთგვარი რევოლუციური სცენარით წარმართონ

„ნაციონალურ მოძრაობას“ სურვილი, დაძაბოს წინასაარჩევნოდ ვითარება, მოახდინოს დესტაბილიზაცია, შექმნას რადიკალიზმის ილუზია, არ გამოუვა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

როგორც დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი პარტიული ტელევიზია „რუსთავი 2“ მათ მიერ დადგმული სპექტაკლებით საზოგადოებაზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ.

„ნაციონალურ მოძრაობას“ სურვილი წინასაარჩევნოდ დაძაბოს, დესტაბილიზაცია მოახდინოს, შექმნას რაღაცა ილუზია რადიკალიზმის, რევოლუციური პროცესის, არცერთ შემთხვევაში არ გამოუვათ. ცხადია, რომ „ნაციონალური მოძაობის“ მიერ დესტრუქციისკენ და დესტაბილიზაციისკენ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი აღკვეთილი იქნება. თუკი ვინმე ცდილობს, კანონის ფარგლებს გასცდეს, შესაბამისი სტრუქტურები აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ გაწერილი გეგმის ნაწილია დაანონსებული აქცია, რომელსაც თითქოსდა 100 ათასი კაცი უნდა დასწრებოდა. ეს აქცია თვითონვე გააუქმეს მიხვდნენ, რომ არ გამოუვიდოდათ. ფარული ჩანაწერები, ის ძალიან ბინძური კამპანია, რაც წარმოებს სალომე ზურაბიშვილის მიმართ, იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ დიახ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ ცდილობს, შემოიტანოს დესტაბილიზაცია და რადიკალიზმი ჩვენს დღევანდელობაში”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, ქართული საზოგადოება „ნაციონალურ მოძრაობას“ საკადრის პასუხს გასცემს, ეს საკადრისი პასუხი 2012 წლიდან დაიწყო.

დეპუტატის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნები იქნება არჩევნები, სადაც „ნაციონალურ მოძრაობას“ საბოლოოდ გაეცემა პასუხი ქართული პოლიტიკიდან მათი განდევნის კუთხით.

„ტემპერატურის ასე ხელოვნურად აწევა, საზოგადოების ფსიქიკაზე მოქმედება ხდება, რადგან მათ სურთ, საპრეზიდენტო არჩევნებში ქულების დაწერა. „ნაციონალურ მოძრაობას“ სურს, მათი წარმატება დამოკიდებული იყოს არა არჩევანზე, არამედ ძალადობაზე, ისინი ვერც ერთ შემთხვევაში შედეგს ვერ მიაღწევენ, საქართველოში მათი დრო დასრულებულია”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.