დავით მათიკაშვილი - მსჯავრდებულ სააკაშვილს არაფერი სჭირს, რომ მსჯავრი სამედიცინო დაწესებულებაში მოიხადოს, მისი ადგილი იქ არის, სადაც სხვა პატიმრების - პენიტენციურ დაწესებულებაში
პოლიტიკურ შაპიტოს და სამარცხვინო ქცევას იმ ადამიანისგან, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი ერქვა, წერტილი დაესვა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანა სამართლის აღსრულებაა.
„ბუნებრივია, სახელმწიფომ წერტილი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნიდან გამომდინარე დასვა. საზოგადოებამ იცის, რომ მსჯავრდებულ სააკაშვილს ისეთი არაფერი სჭირს, რომ მან მსჯავრი სამედიცინო დაწესებულებაში მოიხადოს. მისი ადგილი იქ არის, სადაც სხვა პატიმრების – პენიტენციურ დაწესებულებაში. ევროკავშირისა და სხვა ელჩების წარმომადგენლებისგან ტყუილების კასკადი და ცრუ დემარშები კარგად გვახსოვს; პოლონეთიდან შემოსული ექიმების მცდელობაც, რომ დნმ-ის მასალაც გაეტანათ უჩუმრად, რათა სააკაშვილის ჯანმრთელობით მანიპულირება მოეხდინათ; ის გამორჩეული მოვლენაც გვახსოვს, რომელსაც დემენციით შეპყრობილი ადამიანის განკურნება ჰქვია. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს წერტილი უნდა დასმოდა და დაესვა. სადაც მსჯავრდებულის ადგილია და სადაც მას მსჯავრის მოხდის ადგილსამყოფელი განუწესდა, იქ უნდა მოიხადოს. ამიტომ ეს ყველაფერი მხოლოდ სამართლის აღსრულებაა და მეტი არაფერი“, – განაცხადა მათიკაშვილმა.