დავით მათიკაშვილი - მმართველი გუნდი მზად არის, საარჩევნო ცვლილებების თაობაზე საკუთარი ინიციატივა საზოგადოებას გააცნოს და დაიწყოს პროცესი
დავით მათიკაშვილი - მმართველი გუნდი მზად არის, საარჩევნო ცვლილებების თაობაზე საკუთარი ინიციატივა საზოგადოებას გააცნოს და დაიწყოს პროცესი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი მზად არის, საარჩევნო ცვლილებების თაობაზე საკუთარი ინიციატივა საზოგადოებას გააცნოს და დაიწყოს პროცესი, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას გულისხმობს, თუმცა ჯერ საუბარია მოლაპარაკებაზე.

როგორც ჟურნალისტებს მათიკაშვილმა განუცხადა, არაერთგზის ითქვა, რომ შედეგებზე პასუხისმგებლობა ასაღებია მთლიანად პოლიტიკური სპექტრის მიერ და არა მხოლოდ მმართველი გუნდის.

„ამიტომ ნებისმიერი საკითხი, რომელიც მთლიანი კონტექსტიდან ვარდება, წარმოდგენს მცდელობას, ძირითადიდან სხვა საკითხზე გადაიტანონ საზოგადოების ყურადღება და ოპოზიციამ თავი აარიდოს თავის წილ პასუხისმგებლობას, რაც მათ აკისრიათ მთლიან კონსენსუსში.

ჯერ ერთი, საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ. მეორეც, არც ერთი საკითხი არ უნდა იყოს შეთანხმების წინაღობა მაშინ, როდესაც მმართველი გუნდის მხრიდან შეთავაზება უკვე გაკეთებულია. საარჩევნო სისტემის მოდელი, რომელიც მმართველი გუნდის მიერ იქნა შეთავაზებული, უზრუნველყოფს არჩევნების დემოკრატიული სტანდარტით ჩატარებას. ეს არის არსებულზე მეტად პროპორციული სისტემა და იგი უზრუნველყოფს იმას, რომ 40% მხარდაჭერის ზღვარს ქვემოთ მყოფმა პოლიტიკურმა პარტიამ ვერ ჩამოაყალიბოს აღმასრულებელი ხელისუფლება. ამას თავად ოპოზიცია არაერთგზის ითხოვდა. 2016 წელს 5%-იანი ბარიერით სრულად პროპორციული სისტემით რომ ჩატარებულიყო არჩევნები, „ქართული ოცნება“ იმავე რაოდენობის მანდატებს აიღებდა, რასაც აიღებდა ახლა ჩვენ მიერ შეთავაზებული მოდელის პირობებში. შესაბამისად, ცოტა უცნაურია ოპოზიციის განცხადებები. კარგად ჩანს, რომ მათ შეთანხმება არ უნდათ და ყველა მიზეზს ეძებენ იმისთვის, რომ საკუთარი წილი პასუხისმგებლობა არ აიღონ ქვეყნის მომავალზე. ეს „ნაციონალური მოძრაობისგან“ და „ევროპული საქართველოსგან“ გასაკვირი არ არის, რადგან ესენი ერთი და იგივე პარტიაა“, – აღნიშნავს მათიკაშვილი.