დავით მათიკაშვილი - მიხეილ სააკაშვილს ჰყოფნის უტიფრობა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ესაუბროს ისეთივე შეურაცხმყოფელი ენით, როგორც ოპონენტებსა და საზოგადოებას ესაუბრება
დავით მათიკაშვილი - მიხეილ სააკაშვილს ჰყოფნის უტიფრობა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ესაუბროს ისეთივე შეურაცხმყოფელი ენით, როგორც ოპონენტებსა და საზოგადოებას ესაუბრება

მიხეილ სააკაშვილს ჰყოფნის უტიფრობა, ისეთივე შეურაცხმყოფელი ენით ესაუბროს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, როგორითაც ესაუბრება თავის ოპონენტებსა და საზოგადოებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს შესაძლოა, ჰქონდეს სურვილი, საქართველო-ამერიკას შორის არსებულ მაღალი დონის სტრატეგიულ ურთიერთობას ჩრდილი მიაყენოს.

„ეს არ არის მისი პირველი ანტიდასავლური ტენდენციური გამონათქვამი. კარგად გვახსოვს, როცა უკრაინელ სტუდენტებს ესაუბრებოდა, როგორ დასდო ბრალი ამერიკასა და დასავლურ ინსტიტუციებს კოლონიალისტურ მიდგომაში პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან მიმართებაში.

სააკაშვილი არის თავის მცდარ ამპლუაში, ვერ გამოდის იმ მიდგომიდან, რომ მხოლოდ შეურაცხმყოფელი და ცინიკური გამონათქვამებით დაიმსახუროს ყურადღება. მისი მიზანი უცნობია, მაგრამ შესაძლოა, სურს, ჩრდილი მიაყენოს საქართველო-ამერიკას შორის არსებულ მაღალი დონის სტრატეგიულ ურთიერთობას, რასაც ის ვერ შეძლებს“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოქვეყნებულ პოსტში აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სატელეფონო კომუნიკაციისას, თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე ესაუბრა.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ვესაუბრე მიმდინარე წლის შემოდგომაზე თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების მნიშვნელობის შესახებ. მუდამ ვიქნებით საქართველოს სუვერენიტეტის მხარდამჭერნი რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ“, – დაწერა მაიკ პომპეომ.

ამასთან, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ხელისუფლებას სათანადოდ არ აკრიტიკებს და ენის მოჩლექით ელაპარაკება.