დავით მათიკაშვილი - მიხეილ სააკაშვილის მდარე დრამატურგიასა და ნიანგის ყალბ ცრემლებს სათანადო პასუხი სჭირდება
დავით მათიკაშვილი - მიხეილ სააკაშვილის მდარე დრამატურგიასა და ნიანგის ყალბ ცრემლებს სათანადო პასუხი სჭირდება

მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად უნდა დაბრუნდეს საქართველოში და ქართველი ხალხის წინაშე, კანონის სრული სიმკაცრით აგოს პასუხი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომლითაც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

„პირველივე დღეს არ მინდოდა მკაცრი ტონით ნეგატიურ საკითხებზე საუბარი, მაგრამ სააკაშვილის მდარე დრამატურგიასა და ნიანგის ყალბ ცრემლებს სათანადო პასუხი სჭირდება. ამ სიყალბეს უნდა დაესვას წერტილი. მინდა, სააკაშვილის პარტიის მოქმედ და ყოფილ წევრებს მივმართო. ყველა კითხვას გაეცა პასუხი, თავად ნახეთ საკუთარი ბელადის პოზიცია და ბოდიშები. მინდა შეგახსენოთ, რომ არსებობს სისხლის სამართლის კოდექსი და იქ არის ჩამონათვალი დანაშაულებების, რომლებიც სისხლის სამართლის წესით ისჯება და ისჯება მკაცრად. იქვეა გამიჯნული რა დანაშაულია და რა შეცდომა. შეცდომა არ არის ადამიანი  მოკვლა და ოჯახების განადგურება, შეცდომა არ არის მედიასაშუალებების დარბევა და მესაკუთრებისთვის წართმევა, შეცდომა არაა საკუთარი სამშობლოს 20 პროცენტის ოკუპანტებისთვის ჩაბარება, ეს დანაშაულია და ამ დანაშაულზე ყველა მისმა ჩამდენმა მკაცრად უნდა აგოს პასუხი. დიახ, მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად უნდა დაბრუნდეს საქართველოში და კანონის სრული სიმკაცრით აგოს პასუხი ქართველი ხალხის წინაშე, თითოეული ოჯახის წინაშე, რომელთა მიმართაც პირადად მას და მისი პარტიის წევრებს მიუძღვით დანაშაული“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ქვეყანაში დაბრუნებას აპირებს.