დავით მათიკაშვილი მიიჩნევს, რომ ენდიაის კვლევის შედეგებში ლოგიკა არ არის
დავით მათიკაშვილი მიიჩნევს, რომ ენდიაის კვლევის შედეგებში ლოგიკა არ არის

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (ენდიაი) კვლევის შედეგებში ლოგიკა არ არის.

დეპუტატის თქმით, კვლევის თანახმად, ერთი მხრივ, სალომე ზურაბიშვილის სანდოობის ხარისხი მაღალია, მეორე მხრივ კი, დაბალია გუნდის სანდოობა, რომელმაც მას მხარი დაუჭირა.

„საკუთრივ ჩვენი გამოცდილება გვეუბნება, რომ როდესაც კვლევის დაკვეთა ადგილობრივი კვლევითი ორგანიზაციებისთვის ხდება, ვხედავთ შედეგს, რომელიც არ ასახავს საზოგადოების განწყობას და ეს ყველაფერი ძალიან მალევე დასტურდება. კვლევას რომ ჩავუღრმავდეთ, არის შეუსაბამობები, რაც იძლევა შეკითხვის დასმის საშუალებას. ერთი მხრივ, სალომე ზურაბიშვილის სანდოობის ხარისხი მაღალია, ხოლო მეორე მხრივ, გუნდის სანდოობა, რომელიც სულ მცირე, მხარში დაუდგა სალომე ზურაბიშვილს, დაბალია. ასევე, პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტის შემადგენელი ნაწილი არ არის? თუ მის მიმართ არსებობს მაღალი ნდობა და განწყობა, რატომ არის დაბალი პირობითად, იმ ორგანიზაციის მიმართ განწყობა, რომელსაც ეს ადამიანი ხელმძღვანელობს. აქ არ არის ლოგიკა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, საქართველოში გამოკითხულთა 42 პროცენტი პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის საქმიანობას დადებითად (კარგად) აფასებს. ამასთან, გამოკითხულთა 71 პროცენტი ეთანხმება მოსაზრებას, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პარლამენტი მეტწილად პოლიტიკური კინკლაობით არის დაკავებული.