დავით მათიკაშვილი - მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილს არ შეიწყალებს, თუმცა ამ ნაბიჯს მაინც თუ გადადგამს, ის იქნება პასუხისმგებელი სააკაშვილისა და მისი რეჟიმის ყველა დანაშაულზე
დავით მათიკაშვილი - მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილს არ შეიწყალებს, თუმცა ამ ნაბიჯს მაინც თუ გადადგამს, ის იქნება პასუხისმგებელი სააკაშვილისა და მისი რეჟიმის ყველა დანაშაულზე

მგონი, დროა, ნიანგის ცრემლებით ტირილს მორჩნენ პატიმრები, რომლებიც სამართლიანად არიან დაწესებულებაში საკუთარი ქმედებებიდან გამომდინარე, იმ დანაშაულებიდან გამომდინარე, რომლებიც გასაკვირი იყო არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ გააკვირვა მთლიანად მსოფლიო საზოგადოება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

„გვახსოვს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები, თუნდაც გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით. ნამდვილად, ამ კუთხით, არის სრულიად ზედმეტი ის, რასაც აკეთებს დღეს მსჯავრდებული პრეზიდენტი. პროექტი, რომლითაც მას სურდა, და იყო გარკვეულწილად მზაობა მის მეგობრებში როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, დამნაშავე სააკაშვილი გამოეყვანათ და დაეხსნათ ციხიდან, ჩავარდა. საზოგადოებამ დაინახა ტყუილები, რომლითაც სააკაშვილი ცდილობდა საკუთარი მდგომარეობის გამართლებას. ეს ყველაფერი არის მართლა ფსკერს ქვემოთ დაშვება და კიდევ ერთხელ მეტყველებს ამ ადამიანის განწყობაზე, რომ საკუთარი ქვეყნისა და მოქალაქეების წინაშე პასუხისმგებლობით კი არ მოეკიდოს მის მიერ ჩადენილ ქმედებებს, არამედ როგორმე დაძვრეს პასუხისმგებლობისგან, ალბათ მაგ იმედით შემოძვრა კონტეინერით თავის დროზე საქართველოში“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ სალომე ზურაბიშვილი ყოფილ პრეზიდენტს შეიწყალებს, „ის იქნება ყველა იმ დანაშაულზე პასუხისმგებელი, რომელიც სააკაშვილმა და მისმა რეჟიმმა ჩაიდინეს“.

„რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მან თქვა „არა, არასოდეს“. თუ ის შეცვლის ამ გადაწყვეტილებას, რისიც მე პირადად არ მჯერა, მაინც მგონია, რომ ის ამას არ გააკეთებს, თუმცა თუ მაინც გადადგამს ამ ნაბიჯს, მან ძალიან კარგად უნდა გაიგოს, რომ ის იქნება ყველა იმ დანაშაულზე პასუხისმგებელი, მონაწილე, რომელიც სააკაშვილმა და მისმა რეჟიმმა ჩაიდინეს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

როგორც მათიკაშვილი აცხადებს, „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური ცხოვრების ბოლო ეტაპს გადის.

„დიდი ქაოსია „ნაციონალურ მოძრაობაში“. ვერ გაურკვევიათ ძალიან ბევრი რამ. ცდილობენ, ახლა თითქოს სააკაშვილის განცხადებებით, მისი ლიდერობით რაღაც შედეგამდე მივიდნენ, რაც არის სრული აბსურდი. ეს კარგად იცის საზოგადოებამ. ისინი ვერ წაშლიან ვერც გუშინდელ დღეს „ნაციონალური მოძრაობის“, როდესაც ანგრევდნენ პირდაპირი მნიშვნელობით ქვეყანას, და ვერც დღევანდელ დღეს, როდესაც ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას ყველანაირად ხელს უშლიან.

ამიტომ საზოგადოებამ თვითონ განსაჯოს, რა შეიძლება მოიგონოს ამ კრიმინალურმა პოლიტიკურმა დაჯგუფებამ, რომ საზოგადოების მხარდაჭერა მოიპოვოს, არ არსებობს ასეთი ბუნებაში. ამიტომ ისინი თავიანთი პოლიტიკური ცხოვრების ბოლო ეტაპს გადიან.

ერთი, რომ ის, ვინც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებული იყო, ის ასეთად რჩება და მათი ქორწინება-განქორწინება იმავე შედეგით არის, რაც აქამდე იყო.

სააკაშვილის ვერანაირი ქმედება ვერც გააერთიანებს და ვერც გაყოფს ამ პოლიტიკურ ძალას, რადგან ეს პოლიტიკური ძალა უკვე დგას დაშლის და გაქრობის რელსებზე და ამის საბოლოო შედეგი იქნება ის, რომ, იმედია, ჩვენს ქვეყანას, საბოლოო ჯამში, ეყოლება ჯანსაღი ოპოზიცია, რომელიც პოლიტიკური პარტიის ოპოზიციაში იდგება და არა ქვეყნის და სამშობლოს ოპოზიციაში“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.