დავით მათიკაშვილი - კომიტეტის კარი როცა შევაღეთ და ამდენი სასულიერო პირი დავინახეთ, გულწრფელად გამიჩნდა განწყობა, რომ ეკლესია თავის მრევლსა და საქართველოზე მუდამ ზრუნავს 
დავით მათიკაშვილი - კომიტეტის კარი როცა შევაღეთ და ამდენი სასულიერო პირი დავინახეთ, გულწრფელად გამიჩნდა განწყობა, რომ ეკლესია თავის მრევლსა და საქართველოზე მუდამ ზრუნავს 

ვფიქრობ, კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა აუცილებელი არ იქნება, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“.

„საპატრიარქოს პოზიციას ძალიან დიდ პატივს ვცემთ, რადგან ის საზოგადოების მაჯისცემას უგდებს ყურს და მორალური კუთხით ამ ყველაფრის ობსერვაციას ახდენს, რაც ძალიან კარგია, მაგრამ მეორე საკითხია, რა რეგულაციებით არის გაჯერებული ჩვენი კონსტიტუცია, რა ამოიკითხა საკონსტიტუციო სასამართლომ მაშინ, როცა გადაწყვეტილება მიიღო და შეიძლება თუ არა, ამის რაიმე სახით შეცვლა“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

მისი თქმით, საპატრიარქოს წარმომადგენლების არგუმენტაცია ძალიან მნიშვნელოვანია და მსჯელობისთვის კარი ღიაა.

„ჩვენ ბოლომდე მოვისმენთ მათ არგუმენტებს. მოვისმენთ, რას ეხება მათი წინადადება, რატომ ითხოვენ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას, ამას როგორ ასაბუთებენ და გავაანალიზებთ“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

როგორც დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, მისი აზრით, ქვეყანაში აუცილებლად ბრძნული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. 

„ამ ყველაფერზე უნდა ვიმსჯელოთ, ყველას პოზიცია უნდა გავითვალისწინოთ, მაგრამ ისეთი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, რომელიც ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს სარგებელს მოუტანს იმ პირობებში, როდესაც ამ გადაწყვეტილებას ჩვენი ქვეყნისთვის არანაირი რისკი არ ექნება. თუ ამას ვერ მივაღწევთ, ცხადია, გადაწყვეტილება არ უნდა იქნას მიღებული.

დღეს, როცა კომიტეტის კარი შევაღეთ და ამდენი სასულიერო პირი დავინახეთ, გულწრფელად გამიჩნდა განწყობა, რომ ეკლესია თავის მრევლზე, მოქალაქეებზე, საქართველოზე მუდამ ზრუნავს და ყურადღების გარეშე არ დატოვებს არც ერთ ნაბიჯს, რომელიც ამ კუთხით არის გადადგმული და მისი ინტერესის სფეროა“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია მოახდინოს.

„სკოლებში უნდა ავწიოთ სპორტისადმი დაინტერესების ხარისხი; საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის ალტერნატივა ბუნებაში უბრალოდ, არ არსებობს. ამიტომ, სახელმწიფომ რა კანონებიც არ უნდა მიიღოს და საკონსტიტუციო სასამართლომ რა დაშვებაც არ უნდა გააკეთოს, ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ პირველ რიგში, სწორი ქცევა, ეს არის ჯანსაღი ცხოვრების წესი, – არანაირი მარიხუანა, არანაირი ალკოჰოლი, არანაირი თამბაქო და არანაირი ის, რაც ადამიანის ჯანმრთელობას ხელს უშლის“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.