დავით მათიკაშვილი - ხაზარაძე გადასახლებით ემუქრება ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც ვერ აპატია ყველაზე დიდი ქველმოქმედება, როცა მან უთანასწორო ბრძოლაში ბეჭებზე დადო „ნაციონალური მოძრაობა“
დავით მათიკაშვილი - ხაზარაძე გადასახლებით ემუქრება ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც ვერ აპატია ყველაზე დიდი ქველმოქმედება, როცა მან უთანასწორო ბრძოლაში ბეჭებზე დადო „ნაციონალური მოძრაობა“

მამუკა ხაზარაძემ გაგვანდო საკუთარი უძილობის მიზეზები, თურმე რაზე ფიქრობს ეს ადამიანი, რა გზებით უნდა იაროს, რომ შეძლოს და ჩვენს მოქალაქეებს პირდაპირ ათასლარიანი პენსია დაუნიშნოს. ჰოი, საოცრებავ, მიაგნო, ასეთი მარტივი ყოფილა ამ ამოცანის ამოხსნა, ეს არის რუსეთისთვის სანქციების დაწესება, თან ისე, რომ ეკონომიკური ურთიერთობა არ უნდა გავწყვიტოთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, „ლელოს“ წარმომადგენლების განცხადებები სასაცილოა და ტყუილებსაც აქვს საზღვარი.

„მინდა, გამოვეხმაურო „ლელოს“ მხრიდან ბოლო პერიოდში მომდინარე ზღვარსგადასულ და გავეშებულ რადიკალიზმს, სიძულვილს და ტყუილების კორიანტელს, რომელიც დღენიადაგ მოედინება „ნაციონალური მოძრაობის“ ამ რადიკალური კლასტერისგან, ჯერ იყო და ხაზარაძემ თავისი ცეცხლმოკიდებული, ალში გახვეული „მუსტანგით“ გადაცურა და გადმოცურა ლა მანშის სრუტე, მერე ციტრუსი არ დაუტოვა ჩვენს მოქალაქეებს დასაკრეფი, ყველას დაუკრიფა, დაუსაწყობა. ახლა უკვე გაგვანდო საკუთარი უძილობის მიზეზები, თურმე რაზე ფიქრობს ეს ადამიანი, რა გზებით უნდა იაროს, რომ შეძლოს და ჩვენს მოქალაქეებს პირდაპირ ათასლარიანი პენსია დაუნიშნოს. ჰოი, საოცრებავ, მიაგნო ამ კაცმა, ასეთი მარტივი ყოფილა ამ ამოცანის ამოხსნა, ეს არის რუსეთისთვის სანქციების დაწესება, თან ისე, რომ ეკონომიკური ურთიერთობა არ უნდა გავწყვიტოთ. რა გასაკვირია, როდესაც ერთი ქვეყანა მეორეს სანქციებს უწესებს, მეორე ქვეყანა იმდენად გახარებულია ამით, რომ ეკონომიკურ ურთიერთობას კი არ წყვეტს, პირიქით, ზრდის. ეტყობა, ხაზარაძეც ამ გაზრდილი რესურსით ისარგებლებს და გაზრდილ პენსიებს დაურიგებს მოქალაქეებს. აი, რა არის პიარკამპანიის სწორად წარმართვა, აი, რას ნიშნავს სწორად დაგეგმილი როზნერის ძვირადღირებული პიარტექნოლოგიის კამპანია, რომელმაც ასეთი დიდი შედეგები მოუტანა. სასაცილოა, პოპულიზმს და ტყუილებსაც აქვს თავისი ზღვარი. საზოგადოებას ვერ მოატყუებთ“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

დეპუტატის განცხადებით, მამუკა ხაზარაძემ ბიძინა ივანიშვილს 2011-2012 წლების ქმედებები ვერ აპატია, როდესაც მან „ნაციონალური მოძრაობა“ დაამარცხა.

„ამ კაცმა იკადრა და საკუთარ საზოგადოებას რეპრესიებით ემუქრება, გადასახლებით ემუქრება ბიძინა ივანიშვილს. რა გაგიკეთებიათ ქვეყნისთვის უანგაროდ? მივმართავ ხაზარაძე-ჯაფარიძის კლასტერს. ბიძინა ივანიშვილმა მთელი თავისი ცხოვრება და შესაძლებლობები საკუთარ ქვეყანას მიანდო, გაუზიარა თუ რამ გააჩნდა. თქვენ მას ვერ პატიობთ ყველაზე დიდი ქველმოქმედებას, ეს არის 2011-2012 წლების ამბები, როდესაც მან საკუთარი თავი, სიცოცხლე, ოჯახის ბედ-იღბალი სასწორზე შეაგდო და უთანასწორო ბრძოლაში ბეჭებზე დადო „ნაციონალური მოძრაობა“. თქვენ სად იყავით ამ დროს? იქნებ რეჟიმთან შეზრდილები, შეხმატკბილებულები ძალიან კომფორტულად გრძნობდით თავს და რეჟიმის დავალებებსაც კომფორტულად ასრულებდით. ასე რომ, როზნერი კი, არა როზნერების არმიაც რომ იყოს, არაფერი გეშველებათ“, – განაცხადა მათიკაშვილმა.