დავით მათიკაშვილი - კანონპროექტი მარიხუანასთან მიმართებით არსებულ რეგულაციებს მაქსიმალურად ამკაცრებს
დავით მათიკაშვილი - კანონპროექტი მარიხუანასთან მიმართებით არსებულ რეგულაციებს მაქსიმალურად ამკაცრებს

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მსჯელობას არ დავიწყებ, კარგი იყო, თუ ცუდი, შესაძლოა, პირადად მე ოდნავ სხვანაირი გადაწყვეტილება მიმეღო, მაგრამ დღეს გვაქვს მოცემულობა, რომელსაც ადეკვატური პასუხი, ადეკვატური საკანონმდებლო სივრცის შექმნა სჭირდება, – ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.

„მინდა, შსს-ს გულწრფელი მადლობა გადავუხადო, რადგან წარმოდგენილი კანონპროექტი, რომლის განხილვაც დღეს დავიწყეთ, მთელ სივრცეს მოიცავს და თეთრი ლაქები აღარ რჩება“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ამ განცხადებით დავით მათიკაშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რამდენად არსებობს მოლოდინი და ალბათობა, რომ მარიხუანას მოხმარების შესახებ კანონპროექტი კორექტირდეს და შეიცვალოს.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ბოლომდე გამორიცხავს თუ არა კანონპროექტი რისკს, რომ ამ ყველაფერს მარიხუანას მოხმარების ზრდა მოჰყვეს, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რომ კანონპროექტი ისეთ რეგულაციებს ადგენს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე საერთოდ არ არსებობდა. 

„მარიხუანასთან მიმართებით არსებულ რეგულაციებს კანონპროექტი მაქსიმალურად ამკაცრებს და ფაქტიურად, მარიხუანას მოხმარება მხოლოდ პირად სივრცეშია ნებადართული“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

მისი თქმით, ერთია პიროვნების თავისუფლად განვითარება, მეორე – შესაძლო რისკი, თუ ზიანი, რომელიც ამ ნივთიერებას ახლავს და მესამე – სახელმწიფოს ზრუნვა, რომ შესაძლო რისკისგან საზოგადოება მაქსიმალურად იყოს დაცული.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რატომ არ იყო დღევანდელ პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების საკმარისი რაოდენობა და რატომ ვერ შედგა კვორუმი, რის გამოც, კანონპროექტი კენჭისყრაზე ვერ დადგა, მათიკაშვილმა აღნიშნა, რომ ეს სამწუხარო ფაქტია და ასე არ უნდა ხდებოდეს.

„აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ ვინმემ რაღაც შეგნებულად მოახდინა, სივრციდან გავიდა და კანონპროექტი ჩააგდო“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.