დავით მათიკაშვილი – იქმნება შთაბეჭდილება, რომ ძალები, რომლებიც „ნაცმოძრაობას“ დავალებებს აძლევენ, შეშფოთებული არიან იმ სამშვიდობო პოლიტიკით, რომელსაც ქვეყანა აწარმოებს

12:25, 13.09.2026

გია ბარამიძის ამ უმძიმეს და სამარცხვინო განცხადებას როგორც მორალური, ასევე სამართლებრივი მხარე გააჩნია. მორალური თვალსაზრისით, ბარამიძემ ქართულ ჯარს და სახელმწიფოს უმძიმესი დანაშაული დააბრალა, მან სამარცხვინოდ და ამორალურად შეაფასა ქართული ჯარის საქციელი, თითქოს ის აყვანილ ტყვეებს ხვრეტდა. ბუნებრივია, რომ ამით მან შეურაცხყოფა მიაყენა მთლიანად ქართულ სახელმწიფოს და სამხედრო ძალებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ის ძალები, რომლებიც „ნაცმოძრაობას“ დავალებას აძლევენ, შეშფოთებული არიან იმ სამშვიდობო პოლიტიკით, რომელსაც ქვეყანა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თვალსაზრისით აწარმოებს.

„გვარამია, სააკაშვილი, ბარამიძე აკეთებენ განცხადებებს, რომ ხელი შეეშალოს და შეფერხდეს ეს პროცესი. განცხადება, რომელიც მოვისმინეთ, პირდაპირი მნიშვნელობით, სამშობლოს ღალატისკენ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს. სწორედ ასეთად შეაფასა პროკურატურამ, როცა ბრალი წაუყენა ბარამიძეს. შინაარსში დევს უმძიმესი ბრალდება და მიზანი, რომ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუციები საკუთარ საქმიანობაში შეფერხდნენ. სწორედ ამიტომ მოხდა იმ სამართლებრივი პროცესის წარმოება ბარამიძის მიმართ, რაც საზოგადოებამ იხილა. სასამართლო ჭრილში იქნება მკაფიოდ გამოკვეთილი ზიანის მიყენების მცდელობა, რაც ბარამიძემ საკუთარი განცხადებით განახორციელა. ვერანაირი გადაკეთება და შინაარსის შეცვლა ვერაფრით გამოასწორებს იმ უდიდეს მოცემულობას, რაც ბარამიძემ საკუთარი განცხადებით დააბრალა ქართულ ჯარს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

საქართველოს პროკურატურამ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი (2003-2004 წწ) გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა. ბრალდება 4-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, მიმდინარე წლის ივლისში იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში – „საქართველოს დაბადება“ – ბარამიძემ განაცხადა, რომ 1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის საწყის ეტაპზე ქართული შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს ტყვეები არ აჰყავდათ და მათ ადგილზე ხვრეტდნენ, რითაც საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ბრალი დასდო საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევასა და ომის მძიმე დანაშაულების ჩადენაში.

სასამართლომ გიორგი ბარამიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

მსგავსი