დავით მათიკაშვილი - იმედი გვაქვს, კეთილგონიერება გაიმარჯვებს, საქართველო ერთიანად გამოხატავს პოზიციას და უკრაინაში რამდენიმე დელეგაცია არ იქნება წარმოდგენილი
დავით მათიკაშვილი - იმედი გვაქვს, კეთილგონიერება გაიმარჯვებს, საქართველო ერთიანად გამოხატავს პოზიციას და უკრაინაში რამდენიმე დელეგაცია არ იქნება წარმოდგენილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, უკრაინაში მიემგზავრება დელეგაცია, რათა საქართველოს პარლამენტმა გამოხატოს სამძიმარი და თანადგომა უკრაინელი მეგობრებისა და სტრატეგიული პარტნიორების მიმართ.

მისივე თქმით, მამუკა მდინარაძემ ყველა პოლიტიკურ ძალას შესთავაზა, გამოეყო თითო წარმომადგენელი.

მათიკაშვილის განმარტებით, იმედი აქვს, საქართველო გამოხატავს პოზიციას ერთიანად და უკრაინაში რამდენიმე დელეგაცია არ გაემგზავრება.

„ბიუროს სხდომა პარლამენტის თავმჯდომარემ სწორედ ამ განცხადებით გახსნა. როგორც მოგეხსენებათ, შედგა კომუნიკაცია უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარესა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შორის. ძალიან ბევრი საკითხი იქნა განხილული და პოზიციები შეჯერებული. პარლამენტიდან მიემგზავრება დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე უხელმძღვანელებს, რათა საქართველოს პარლამენტმა გამოხატოს სამძიმარი და თანადგომა ჩვენი უკრაინელი მეგობრებისა და სტრატეგიული პარტნიორების მიმართ.

შემოთავაზება არსებობს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მხრიდან. მამუკა მდინარაძემ ყველა პოლიტიკურ ძალას შესთავაზა, გამოეყოთ თითო წარმომადგენელი, რათა შევსებულიყო ჯგუფი და პარლამენტს მთლიანად მოეცვა ყველა პოლიტიკური ძალა, პოლიტიკური სპექტრი. სამწუხაროდ, ჩანს ის, რაც არაერთგზის გვითქვამს, რომ პოლიტიკურ სპექტრში, ოპოზიციაში არსებობს ისეთი ძალა, რომლის განცხადება და რეალური სახე არის აბსოლუტურად განსხვავებული ერთმანეთისგან. ისინი განცხადებებს პიარული სიკეთისთვის იყენებენ, ხოლო რეალურად, სამწუხაროდ, მეხუთე კოლონის საქმეს აკეთებენ.

ჩვენ მაინც გამოვთქვამთ სურვილს და გვაქვს იმის იმედი, რომ კეთილგონიერება გაიმარჯვებს და რეალურად საქართველო გამოხატავს ერთიანად პოზიციას, ეს არ იქნება განცალკევებული და არ იქნება რამდენიმე დელეგაცია წარმოდგენილი. აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდება და დაფიქსირდება რეალურად, როგორ დესტრუქციულ ძალას წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა მათიკაშვილმა.