დავით მათიკაშვილი - გამოძიების კითხვებს ყველამ პასუხი უნდა გასცეს და არც ნიკა გვარამია არის გამონაკლისი
დავით მათიკაშვილი - გამოძიების კითხვებს ყველამ პასუხი უნდა გასცეს და არც ნიკა გვარამია არის გამონაკლისი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, გამოძიების კითხვებს ყველამ პასუხი უნდა გასცეს და ამ თვალსაზრისით არც ნიკა გვარამია არის გამონაკლისი.

ჟურნალისტებთან საუბარში დავით მათიკაშვილი ნიკა გვარამიას ბრალის წარდგენას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში კანონის წინაშე ყველა თანასწორია.

„თუ ვინმეს მიმართ კითხვები წარმოიშვა, ყველამ პასუხი უნდა გასცეს. ეს იქნება ტელევიზიის ყოფილი ხელმძღვანელი, პოლიტიკოსი თუ რიგითი მოქალაქე. ერთგვარი ტრენდია შექმნილი, რომ თუ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყება ხდება, ამას პოლიტიკურ ნიადაგს უკავშირებენ. პოლიტიკური საკითხების ძებნა საჭირო არ არის. კითხვებს პასუხი უნდა გასცეს როგორც ნიკა გვარამიამ, ასევე ნებისმიერმა პირმა, ვისთანაც გამოძიებას კითხვები ექნება. ინდულგირებული არავინ უნდა იყოს იმით, რომ თუნდაც, ტელევიზიის ხელმძღვანელს წარმოადგენდა ცოტა ხნის წინ. გამოძიების კითხვებს ყველამ პასუხი უნდა გასცეს და ნიკა გვარამია გამონაკლისი არ არის”, – განაცხადა მათიკაშვილმა.

დეპუტატის თქმით, პარლამენტის ვალია, გამოძიებაზე დაკვირვება და ამ ფუნქციას შეასრულებს.

„გამოძიება გამჭვირვალედ უნდა ჩატარდეს და კითხვები არ უნდა იყოს საგამოძიებო პროცესზე. რაც შეეხება ოპონენტების განცხადებას, გიორგი კანდელაკს მინდა შევახსენო, რას ნიშნავს ტელევიზიის ხელში ჩაგდება. საკმარისია „რუსთავი 2“-ის ისტორია გავახსენო, მაგრამ თუ ამას „იმედის“ 2007 წლის დარბევასა და ტელევიზიის ხელში ჩაგდებას დავამატებთ, საზოგადოება მიხვდება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა განშტოებით იგივე ტრენდშია და იგივე საკითხებზე მსჯელობს, რასაც თავად აშავებდნენ და აფუჭებდნენ, სადაც დანაშაულს სჩადიოდნენ და ახლა უნდათ, ხელისუფლებას იგივე დააბრალონ”, – დასძინა მათიკაშვილმა.

„რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას პროკურატურამ ბრალი დღეს წაუყენა, როგორც პროკურატურაში განაცხადეს, ნიკა გვარამიას მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით „რუსთავი 2“-მა ვერ მიიღო 6 763 510 ლარი, რითაც დიდი ოდენობით ზიანი მიადგა.

„ამ ეტაპზე დადგენილია, რომ კომპანიამ 2016 წლის დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით (შპს „ინტერ მედია პლიუსს“ ამ ხელშეკრულების გაფორმებისას წარმოადგენდა „რუსთავი 2“-ის იურისტი დიმიტრი საძაგლიშვილი) საკუთრებაში მიიღო ქ.თბილისში, ვაკის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში მდებარე 565 226 ლარის ღირებულების ორი საცხოვრებელი ბინა, საერთო ფართით, 240 კვ.მ.  2017 წლის მარტში ორივე ბინა საკუთრებაში გადაეცა „რუსთავის 2“-ის იმდროინდელ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას, რომელმაც იმავე წლის ივლისში და სექტემბერში საცხოვრებელი ბინების რეალიზაცია მოახდინა – საერთო ჯამში  602 521 ლარად“, – აცხადებენ პროკურატურაში.

დატოვე კომენტარი