დავით მათიკაშვილი – გახარიას პარტიას 4 ოქტომბრის რევოლუციური სცენარის ჩავარდნის შემდეგ გაუჩნდა პარლამენტში შემოსვლის სურვილი, მანამდე ბუჩქებში ისხდნენ და ელოდებოდნენ, იქნებ ეს ყველაფერი შემდგარიყო

00:24, 01.10.2026

„გახარია საქართველოსთვის“ არის პარტია, რომელსაც 4 ოქტომბრის რევოლუციური სცენარით ჩვენი ქვეყნის ჩამონგრევის მცდელობის ჩავარდნის შემდეგ გაუჩნდა პარლამენტში შემოსვლის სურვილი, თორემ მანამდე ბუჩქებში ისხდნენ და ელოდებოდნენ, ეგებ, ეს ყველაფერი შემდგარიყო, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას განაცხადა.

„აბა, შემდგარიყო, რას იზამდნენ, საინტერესოა, ხომ? 4 ოქტომბრის ის ანტისახელმწიფოებრივი ჩანაფიქრები რომ აღსრულებულიყო, სად დადგებოდნენ გახარიები“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

გადაცემის წამყვანმა სტუმარს შეახსენა, რომ იყო მათი განცხადებები, სადაც ემიჯნებოდნენ პროვოკაციულ მცდელობებს, რაზეც დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, რომ ცალკეული ძალები ცდილობდნენ და დღესაც ცდილობენ, მოახდინონ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სეგმენტაცია და ამ სახით საზოგადოების მოტყუება, განსაკუთრებით, არჩევნების დროს, რაც არის ორჯერ ორი ოთხი.

„„ნაცმოძრაობას“, მის ორთოდოქს ნაწილს, რაღაც გარკვეული მიზანი ჰქონდა. ახლა, ბოლო კვლევებს თუ ჩავხედავთ, მათი რეიტინგი და ნდობა არის კარდინალურად შეცვლილი, დაბლა დაწეული და ალბათ ზედმეტია, რომ მათ რამე ნდობა აქვთ საზოგადოების მხრიდან, მაგრამ არჩევნების წინ ამომრჩეველის გარკვეული რაოდენობა იყო მათყულაბაში. ეს არ იყო საკმარისი, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდგომ მათ მოეპოვებინათ ის ადგილები, რომელიც ხელისუფლების დაკომპლექტდებას გამოიწვევდა და აგენტურის კვლავ ხელისუფლებაში დაბრუნებას. ამიტომ იყო ეს მზაკვრული გეგმა, შექმნილიყო რაღაც შუაშისტური, „ნაციონალური მოძრაობისგან“ თითქოს დისტანცირებული, ისევე, როგორც „ქართული ოცნებისგან“ დისტანცირებული რაღაც ძალა, რომელიც, ერთი მხრივ, „ქართულ ოცნებას“ წაართმევდა ხმებს და ასევე წამოიღებდა ჩვენი ელექტორატის იმ ნაწილის საარჩევნო ხმებს, რომლებიც გადაუწყვეტელ ამომრჩევლებად ითვლებოდნენ, არ მოსწონდათ „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ ხელისუფლების მხარდამჭერებიც ასე თუ ისე, არ იყვნენ. სწორედ ამ გეგმის ნაწილი იყო „ლელო“ და გიორგი გახარიას პარტია, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილი, რომელიც თითქოს რაღაც მაკოორდინირებელ როლს ასრულებდა. ამ შემთხვევაში არა რაღაც ორსოდოქსი „ნაცი“, მაგრამ, საბოლოო ჯამში, როგორც ახლა ჩვენ ყველანი ვხედავთ, ეს მთლიანად არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. მიზანი იყო, გადაეპარებინათ, გადაეყვანათ საარჩევნო ბარიერს მიღმა არჩევნების შემდგომ ცალ-ცალკე პარტიები და შემდგომ უკვე შეკოწიწება მომხდარიყო საქართველოს პარლამენტში, როგორც ერთიანი ძალის, რომელიც იქნებოდა განმაპირობებელი, რომ აგენტურა დაბრუნდებოდა საქართველოს ხელისუფლებაში და ჩვენი ქვეყანა უნდა ჩართულიყო იმ დიდ უბედურებაში, რისი სურვილი და მიზანიც სწორედ ამ ძალებს აქვთ“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

შეკითხვაზე, რა გახდა საკონსტიტუციო სარჩელის კიდევ ერთხელ შეცვლის და სარჩელის გაფართოების მიზეზი, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რომ ეს არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც სინამდვილეში, არც ხელისუფლებას აღიარებს, არც კონსტიტუციურ წყობილებას და არც იმ 1 200 000 ადამიანის გადაწყვეტილებას, რაც იქნა მიღებული არჩევნებზე.

მისი თქმით, გიორგი გახარია თავის პატრონებთან იმყოფება, მათგან იღებს ჯამაგირს და მისი რეალური სახე არის მოღალატის ტიპური სახე.

„ტიპური მოღალატე როგორც წარმოგიდგენიათ, ეს არის გიორგი გახარია. თქვენ მოგისმენიათ მათგან განცხადება, რომ შეცდომა იყო ამ წერილზე ხელისმოწერა, საკუთარი ქვეყნის ჩამოქცევას რომ ითხოვდნენ? მე არ მომისმენია ეს ყველაფერი და მოდით, ახლა საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასოს, არიან ეს ადამიანები და ეს პოლიტიკური ძალა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ შემადგენელი ნაწილი, ვისი მიზანიც ჩვენი ქვეყნის ჩამოქცევა იყო, თუ არ არიან. ჩვენ ვთვლით, რომ ყველა არგუმენტია მითითებული სარჩელში, რათა  გადაწყვეტილება იყოს ერთადერთი და სწორი, სარჩელის დაკმაყოფილება ყველა პარტიასთან მიმართებით“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

მსგავსი