დავით მათიკაშვილი - გახარიამ ყველაფერი გააკეთა, რომ სამშობლოს, ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ მოქმედი სახე კარგად გამოეჩინა და დაენახებინა საზოგადოებისთვის
დავით მათიკაშვილი - გახარიამ ყველაფერი გააკეთა, რომ სამშობლოს, ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ მოქმედი სახე კარგად გამოეჩინა და დაენახებინა საზოგადოებისთვის

გახარიას და მისი პარტიის წარმომადგენლების განცხადებები, როგორც იტყვიან, „სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს“. ამ პიროვნებამ ყველაფერი გააკეთა, რომ სამშობლოს, ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ მოქმედი სახე კარგად გამოეჩინა და დაენახებინა საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, გახარიამ ხალხი იმ დროს მიატოვა, როცა ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდებოდა სწორი ნაბიჯების გადამდგმელი ხელისუფალი.

მისივე განცხადებით, დღევანდელი გადასახედიდან უკვე გასაგებია, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, როგორ ცდილობდნენ და დღესაც ცდილობს გიორგი გახარია, ასევე მისი პარტიის წარმომადგენლები, ავნონ საკუთარ ქვეყანას.

„გახარია არის ადამიანი, რომელმაც მიატოვა ხელისუფლება და ის ხალხი, რომელმაც, ფაქტობრივად, მას მანდატი მისცა, პრემიერ-მინისტრი ყოფილიყო. მიატოვა სწორედ იმ დროს, როცა ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდებოდა ძლიერი, სწორი ნაბიჯების გადამდგმელი ხელისუფალი. მე ვარ ადამიანი, რომელიც ესწრებოდა უმრავლესობის სხდომას, სადაც გახარია დაჟინებით მოითხოვდა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას. ზუსტად ერთ თუ ორ დღეში ის თანამდებობიდან გადადგა, რითიც აჩვენა ვაიპოლიტიკოსის სახე. წესით, მისი საქციელიც აბსოლუტურად სხვა უნდა ყოფილიყო და ნაბიჯები სხვა მიმართულებით გადადგმულიყო. სინამდვილეში, ჩვენ დავინახეთ ხელმოცარული, მხოლოდ საკუთარ ამბიციებზე გათვლილი პოლიტიკოსის სვლა, რომლის შესახებაც, დამერწმუნეთ, როგორც სამეგრელოში, ასევე საქართველოს ნებისმიერ რეგიონში ყველამ ყველაფერი გადასარევად იცის. ეს მართლაც არის ორპროცენტიანი პარტია და ორპროცენტიანი პოლიტიკოსი, რომლის პერსპექტივაც ამ ორ პროცენტს ვერაფრით გასცდება“,  – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.