დავით მათიკაშვილი - ფერი ფერსა, მადლი ღმერთსაო, ასე იდეალურად უხდებიან ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობა“ და თავმჯდომარე
დავით მათიკაშვილი - ფერი ფერსა, მადლი ღმერთსაო, ასე იდეალურად უხდებიან ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობა“ და თავმჯდომარე

ფერი ფერსა, მადლი ღმერთსაო, ასე იდეალურად უხდებიან ერთმანეთს პარტია და თავმჯდომარე. თავმჯდომარე ზუსტად გამოხატავს პარტიის დესტრუქციას და ნახევრად კომიკურ სახეს, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილის გამარჯვებას.

მისივე თქმით, არჩევნების შედეგმა აჩვენა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ უმდაბლესი ელექტორალური მხარდაჭერა აქვს.

„ალბათ სხვა თავმჯდომარე ისეთი წარმატებით ვერ შეძლებდა საქმიანობას, როგორც ხაბეიშვილი შეძლებს. ის იმ გზას გაატარებს, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ დიდი ხანია, აქვს აღებული – ჭაობში ყოფნის და საბოლოოდ თვითლიკვიდაციის. „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არჩეული კომიკური თავმჯდომარე ამას ბრწყინვალედ და ღირსეულად შეასრულებს. ამ დესტრუქციული პოლიტიკური ძალის დრო თითქმის ამოწურულია და ამ არჩევნების შედეგმა აჩვენა, რომ პარტიას უმდაბლესი ელექტორალური მხარდაჭერა აქვს.

პარტიას ის ხელმძღვანელობა ჰყავს, რაც ეკუთვნის და იმსახურებს თავისი შინაარსით, დესტრუქციითა და კომიკურობით. რისი სურვილიც ჰქონდათ, რომ ქართველ ხალხსა და ქვეყანას დამართნოდა, „ნაციონალებს“ დაემართათ. მეტი რა უნდა დამართნოდათ, როცა პარტიის თავმჯდომარედ ხაბეიშვილი აირჩიეს?“ – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა.