დავით მათიკაშვილი - ევროკავშირში სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღეს, რადგან ქართულ მხარესთან დიალოგს გაექცნენ, მათ შორის პასუხების გაცემას იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც საქართველოს აქვს
ევროკავშირში სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღეს, რადგან დიალოგს გაექცნენ. ფაქტობრივად, ისინი ქართულ მხარესთან საუბარს გაექცნენ, მათ შორის პასუხების გაცემას იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც დიალოგისთვის საქართველოს აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მათიკაშვილის თქმით, საქართველოს აქვს სალაპარაკო, ევროკავშირში კი სალაპარაკო არაფერი აქვთ.
„ისინი თითიდან გამოწოვილ მიზეზებს გამოეკიდნენ. ქვეყნის ღირსება დასაცავია და, ცხადია, ჩვენ, როგორც ღირსეული სახელმწიფო, ისე მოვიქცევით. ჩვენ სალაპარაკო გვაქვს და, სამწუხაროდ, ევროკავშირში სალაპარაკო არაფერი აქვთ. ევროკავშირში თვალს ვერ არიდებენ იმ პროგრესს, რაც ქვეყანას აქვს და, ნებსით თუ უნებლიეთ, უწევთ საქართველოს წარმატების ხაზგასმა. ბუნებრივია, სიმართლეზე თვალის დახუჭვა გაუჭირდებოდათ. ამიტომ, ქართულ მხარესთან დიალოგს გაექცნენ“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრის გადადებასთან დაკავშირებით 19 ნოემბერს კომენტარი გაავრცელა. უწყების განცხადებით, 2025 წლის 21 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის შეხვედრა ევროკავშირის მხარის გადაწყვეტილებით გადაიდო. როგორც საგარეო უწყებაში აღნიშნეს, დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები.