დავით მათიკაშვილი - ევროკავშირი მოიაზრება მართლმსაჯულების სავანედ, ამიტომ საქართველოს მთავრობის სწორი ნაბიჯი იყო, დაეგმო ბრალდებული ადეიშვილის ვიზიტი ბრიუსელში
დავით მათიკაშვილი - ევროკავშირი მოიაზრება მართლმსაჯულების სავანედ, ამიტომ საქართველოს მთავრობის სწორი ნაბიჯი იყო, დაეგმო ბრალდებული ადეიშვილის ვიზიტი ბრიუსელში

ევროკავშირი მოიაზრება მართლმსაჯულების განხორციელების სავანედ, ამიტომ საქართველოს მთავრობის ერთადერთი სწორი ნაბიჯი იყო, დაეგმო ბრალდებული ზურაბ ადეიშვილის ვიზიტი ბრიუსელში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, ამგვარი შემთხვევები ქართულ საზოგადოებაში ანტიდასავლურ, ევრონიჰილისტურ განწყობებს ქმნის.

„ცოტა ხნის წინ პარადოქსული მოცემულობის წინაშე დავდექით, როდესაც მრავალგზის მსჯავრდებული და ბრალდებული ზურაბ ადეიშვილი, რომელიც, სააკაშვილთან ერთად, სადისტური რეჟიმის შემოქმედი იყო, ვიხილეთ ბუნდესტაგში საპატიო სტუმრების ლოჟაში, ასევე ბრიუსელში სხვადასხვა ევროპელ თანამდებობის პირთან ერთად კაბინეტებში. ყველაზე პარადოქსული იყო, რომ შეხვედრები ეძღვნებოდა, მათ შორის, კანონის უზენაესობის საკითხს. საქართველოს ხელისუფლების უმთავრესი ვალია, ჩვენი ქვეყანა დავიცვათ ანტიდასავლური, ევრონიჰილისტური განწყობებისგან.

საზოგადოება როცა ხედავს, რომ ზურაბ ადეიშვილი, რომლის დანაშაულების კვალი დღესაც შეინიშნება ჩვენს საზოგადოებაში, ასე დაბრძანდება ევროკავშირში, უჩნდებათ უსამართლობის შეგრძნება, რაც ქმნის ანტიდასავლურ, ევრონიჰილისტურ განწყობებს, რომ ევროკავშირში პატივს არ სცემენ კანონს, სამართლის უზენაესობას ისე, როგორც ეს უნდა ხდებოდეს. ევროკავშირი მოიაზრება მართლმსაჯულების განხორციელების სავანედ, ამიტომ საქართველოს მთავრობის ერთადერთი სწორი ნაბიჯი იყო, დაეგმო აღნიშნული ქმედება და პროკურატურამ მოითხოვა დამნაშავე პირების გადმოცემა გერმანიის, ბელგიის, უკრაინის მხრიდან. ეს მართლმსაჯულების განხორციელების წინგადადგმული ნაბიჯია.

რაც შეეხება ოპოზიციის განწყობებს, მათ თავიანთი დღის წესრიგი აქვთ. ზურაბ ადეიშვილი, მიხეილ სააკაშვილი, ლორთქიფანიძე ზუსტად ის პირები არიან, რომელთა ხელისუფლების დროსაც რადიკალური ოპოზიცია ძალიან კარგად გრძნობდა თავს საქართველოში, იმის მიუხედავად, რომ ქართველი ერი იტანჯებოდა. ამიტომ, მათი სპეკულაციები, წინასაარჩევნო პროპაგანდა სრული აბსურდია. ეს შეხვედრები არ დაუორგანიზებია მმართველ გუნდს და არც კადრები გაუვრცელებია. ძალიან სამწუხარო, მძიმე კადრები იყო, როდესაც ვიხილეთ, როგორ ხვდებიან დამნაშავე ზურაბ ადეიშვილს ევროპელი კოლეგები“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

საქართველოს მთავრობამ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ურთიერთობების მოსაწესრიგებლად მნიშვნელოვანი და აუცილებელია, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს გადასცეს დამნაშავეები, რომლებიც დღეს უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ. „ვიმედოვნებთ, უკრაინის ხელისუფლება გადახედავს გადაწყვეტილებებს, რომლებიც უხეშად ეწინააღმდეგება მეგობრულ სულისკვეთებას საქართველოსა და უკრაინას შორის“, – აღნიშნულია განცხადებაში.