დავით მათიკაშვილი – ეუთო-ს ე.წ. რეზოლუცია არაფრის მომცემია, ევრობიუროკრატები მას თავდასხმის, ქართველი ხალხის გადაწყვეტილებებზე ზემოქმედების ინსტრუმენტად იყენებენ

12:26, 13.07.2026

ეუთო-ს მიერ მიღებული ე.წ. რეზოლუცია არაფრის მომცემია და ევრობიუროკრატები მას თავდასხმისა და ქართველი ხალხის გადაწყვეტილებებზე ზემოქმედების მიზნით უხეშად მოქმედების ინსტრუმენტად იყენებენ, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან ისეთი რეზოლუციების მიღება ხდება, სადაც ეუთო/ოდირ-ის დასკვნებსაც უგულებელყოფენ და ამით საკუთარ თავს ეწინააღმდეგებიან“.

„როგორ წარმოგიდგენიათ, საქართველოში განვითარებული მოვლენები შეაფასო და ამავე დროს „გამოგრჩეს“ ის, რომ პარლამენტის სასახლე გადაწვას გადაურჩა, რადგან ამის მაღალი რისკი იყო? როგორ შეიძლება, „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა „გამოგრჩეს“, რომლითაც ცოცხლად იწვოდა პოლიციელი? როგორ შეიძლება, „გამოგრჩეს“ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმა და ხელისუფლების დამხობის მცდელობა? ის ყველაფერი, რასაც რადიკალური და აგენტურული ოპოზიცია საქართველოში მხარდამჭერებთან ერთად ახორციელებდა? ცხადზე ცხადია, რომ აქ არანაირ „გამორჩენაზე“ საუბარი არ არის. ჯო უილსონი და ის ადამიანები, ვინც საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებას აგრძელებენ, სამწუხარო ხაზს აგრძელებენ, რომელიც დაფინანსებულია. ამ ყველაფერს ის ძალები აფინანსებენ, რომელთაც საქართველოში არც დემოკრატია მოსწონთ, არც ეროვნული ხელისუფლების არსებობა და საქართველოს ისევ პროქსი ტერიტორიად გამოყენება უნდათ“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

მსგავსი