დავით მათიკაშვილი - ეს არის ოკუპაციის ძალიან მძიმე შედეგი, სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულის ოჯახს
დავით მათიკაშვილი - ეს არის ოკუპაციის ძალიან მძიმე შედეგი, სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულის ოჯახს

ეს არის ოკუპაციის ძალიან მძიმე შედეგი, სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულის ოჯახს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა კირბალთან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.

„პირველ რიგში, მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპულის ოჯახს. ეს არის ოკუპაციის ძალიან მძიმე შედეგი. დეოკუპაციის გააზრება ასეთი უბედურებების ხარჯზე კიდევ უფრო აქტუალური ხდება, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ქვეყანა ოკუპანტებისგან გათავისუფლდეს.

ჩვენი სახელმწიფო აკეთებს აბსოლუტურად ყველაფერს, რომ საერთაშორისო პარტნიორებს მიაწოდოს ეს ინფორმაცია, არის უკვე მიწოდებული, და საერთაშორისო მექანიზმებით გადადგას შემდეგი ნაბიჯები. აუცილებლად მოვა დრო, როდესაც ქვეყნის ხელისუფლების კონტროლი გავრცელდება მის მთელ ტერიტორიაზე და მსგავსი უბედურება საქართველოში აღარ მოხდება“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე.