დავით მათიკაშვილი – „ენჯეოშნიკების“ ტყუილს ფარდა ჩამოეხსნა, საია-ს ტყუილს ძალიან მოკლე ფეხები აღმოაჩნდა, სარჩელის დიდი ნაწილი უკვე უარყოფილია და მის განხილვაზე სასამართლომ უარი განაცხადა
„ენჯეოშნიკების“ ტყუილს ფარდა ჩამოეხსნა. რაც საია-მ იკადრა და შეეცადა, საზოგადოება მოეტყუებინა, ამ ტყუილს ძალიან მოკლე ფეხები აღმოაჩნდა, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საია-ს და სხვა პირების მიერ საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის დიდი ნაწილი სტრასბურგის სასამართლოს მიერ, პრაქტიკულად, უკვე უარყოფილია, ხოლო სარჩელის ნაწილზე მეტი კითხვის ნიშანი მოსარჩელე მხარის მიმართ დაიბადა.
„დიდი ნაწილი სარჩელისა, რომელიც საია-მ და სხვა პირებმა საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ შეიტანეს, პრაქტიკულად, უკვე უარყოფილია და მის განხილვაზე სასამართლომ უარი განაცხადა და მეტიც, ნაწილზე იმ სარჩელისა, რომელიც იქნება განხილული, უფრო მეტი კითხვის ნიშანი დაებადა სასამართლოს მოსარჩელე მხარის მიმართ, ვიდრე მოპასუხის მიმართ.
ამ ტყუილს, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციები ავრცელებდნენ, რასაც საქართველოს ფარგლებს გარედანაც არაერთხელ ვისმენდით არჩევნების გაყალბებისა და ფარულობის დარღვევის თაობაზე, წერტილი აუცილებლად დაესმება. ერთხელ და სამუდამოდ ნათელი იქნება საზოგადოებისთვის, რომ ეს აგორებული ანტიქართული კამპანია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, მსგავსად იმისა, რაც 2020 წელს ISFED-მა იკადრა, მსგავსად იმისა, რასაც დღეს საია კადრულობს, ეს ყველაფერი დასრულდება საქართველოს გამარჯვებით“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.