დავით მათიკაშვილი – ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის აქტიური შესწავლა ხდება, ექიმები არიან ჩართული, პენიტენციურ დაწესებულებას აქვს რესურსი, თავადაც მოახდინოს შესაბამისი რეაგირება

14:07, 29.06.2026

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განცხადებით, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულება შესაბამის რეაგირებას ახდენს და ექიმები მის მდგომარეობას სწავლობენ.

„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის აქტიური შესწავლა ხდება, ექიმები არიან ჩართული. პენიტენციურ დაწესებულებას საკმაო რესურსი აქვს, რომ თავადაც მოახდინოს შესაბამისი რეაგირება და ახდენს კიდეც. ყველა პატიმარს სახელმწიფო უფასოდ მკურნალობს და არც ხოშტარიაა გამონაკლისი. რა თქმა უნდა, მას ჯანმრთელობას ვუსურვებ. ისიც გაითვალისწინეთ, რამდენი ადამიანი ავადდება, რაც აბსოლუტურად ჩვეულებრივი და გასაგები მოვლენაა. ადამიანები, როგორც პენიტენციური დაწესებულების გარეთ, ასევე მის შიგნით ავადდებიან და სამედიცინო დახმარების, მომსახურების თვალსაზრისით სახელმწიფო აბსოლუტურად უფასოდ ახდენს მაღალკვალიფიციურ მკურნალობას. როგორც ვიცით, დამატებით სხვა ექიმებიც არიან ჩართული. პატიმარს მოინახულებენ, ამის შემდგომ კიდევ იქნება შეხვედრა და ა.შ.“ – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

რაც შეეხება შეწყალების საკითხს, დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა.

„შეწყალება პრეზიდენტის პრეროგატივა და მისი გადასაწყვეტია. პრეზიდენტის პრეროგატივაში ჩვენ ვერ ჩავერევით, მაგრამ პენიტენციური დაწესებულების, ამ შემთხვევაში, ერთ რიგითი ბინადარის ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენად გახდება ამის საფუძველი, პრეზიდენტის გადასაწყვეტია. ამ საფუძვლით რომ იყოს შეწყალება აქტუალური, მაშინ უნდა ჩავთვალოთ, რომ ყველა, ვინც პენიტენციურ დაწესებულებაში ავადდება, შეწყალებას უნდა ექვემდებარებოდეს. ეს ასე არ არის, რაც ძალიან კარგად ვიცით“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

მსგავსი