დავით მათიკაშვილი - „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონი არ არის კონკრეტულ ადამიანებზე მორგებული, ვინც ოთხი კრიტერიუმიდან სამს დააკმაყოფილებს, იქნება საფუძველი, ოლიგარქად იყოს მიჩნეული
დავით მათიკაშვილი - „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონი არ არის კონკრეტულ ადამიანებზე მორგებული, ვინც ოთხი კრიტერიუმიდან სამს დააკმაყოფილებს, იქნება საფუძველი, ოლიგარქად იყოს მიჩნეული

ოპოზიციის უპასუხისმგებლო დამოკიდებულება 12-პუნქტიანი გეგმის მიმართ ცნობილია, გუშინ სასესიო დარბაზში ოპოზიცია ძალიან მცირე რაოდენობით იყო წარმოდგენილი. რატომ დეოლიგარქიზაციის უკრაინული მოდელი? იმიტომ, რომ რეალურად მსოფლიოში სხვა მოდელი ამ კუთხით არ არსებობს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, აღნიშნული კანონპროექტის კრიტერიუმების მიხედვით, იკვეთება დავით კეზერაშვილის პერსონა, რომელმაც „პირდაპირ აღიარა საკუთარი ოლიგარქობა“.

„ერთადერთი უნიკალური ქვეყანა სწორედ უკრაინა გახლავთ, სადაც ასეთი კანონი მიღებულია შესაბამისი ოთხი ობიექტური კრიტერიუმით, რომლის მიხედვითაც ხდება ამა თუ პირის ოლიგარქად მიჩნევა. ეს არ არის რომელიმე კონკრეტულ ადამიანზე და გვარსა და სახელზე მორგებული კანონი. ეს მრავალ პირთა წრისთვის განკუთვნილია, შესაბამისად ვინც ოთხი კრიტერიუმიდან სამს დააკმაყოფილებს, იქნება საფუძველი, რომ ეს პირი ოლიგარქად იყოს მიჩნეული. ამ კრიტერიუმების ჭრილში ბიძინა ივანიშვილი არ იკვეთება, როგორც ოლიგარქი, ხოლო პირები, რომლებიც აქტიურად არიან პოლიტიკაში ჩართულები, ფლობენ მედიასაშუალებებს, აფინანსებენ პოლიტიკურ პროცესებს და ამას ღიად აცხადებენ, მაგალითად, დავით კეზერაშვილის შემთხვევაში, რომელმაც განცხადებით პირდაპირ აღიარა საკუთარი ოლიგარქობა. ცხადია, ამ კუთხით მეტი ობიექტური საფუძველი არსებობს იმისა, რომ ესა თუ ის პირი იმ სიაში მოხვდეს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.