დავით მათიკაშვილი - დაწესდება რეგულაცია, რომელიც განსაზღვრავს, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ კონკრეტული კანდიდატები უზენაესი სასამართლოს წევრობისთვის
დავით მათიკაშვილი - დაწესდება რეგულაცია, რომელიც განსაზღვრავს, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ კონკრეტული კანდიდატები უზენაესი სასამართლოს წევრობისთვის

დაწესდება შესაბამისი რეგულაცია, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ კონკრეტული კანდიდატები უზენაესი სასამართლოს წევრობისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა დავით მათიკაშვილმა „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერ კახა კუკავას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

კახა კუკავამ დავით მათიკაშვილს ჰკითხა, არის თუ არა კომპეტენტური იუსტიციის უმაღლესი საბჭო და უნდა დადგეს თუ არა დღის წესრიგში საბჭოს რეფორმისა და დაშლის საკითხი.

​„პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა განცხადება, რომ მოხდება შესაბამისი რეგულაციის დაწესება-დადგენა კანონმდებლობაში, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს, როგორ უნდა განხორციელდეს უზენაესი სასამართლოს წევრობისთვის კონკრეტული კანდიდატების წარდგენა და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ. ამისთვის თუ არ ვცდები დაახლოებით ერთი თვეა მოცემული და ამ ყველაფრის განხილვა ვერ მოხდება იქამდე, ვიდრე ეს კრიტერიუმები არ იქნება კანონში შეტანილი. როდესაც დადგინდება წესი, მხოლოდ ამ წესით მოხდება შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე დღეს იხილავდნენ მხოლოდ ტექნიკურ საკითხს, რომელიც არ არის პოლიტიკასთან დაკავშირებული.