დავით მათიკაშვილი - დამნაშავეებისთვის საქართველო კომფორტის ზონა ვერ იქნება
დავით მათიკაშვილი - დამნაშავეებისთვის საქართველო კომფორტის ზონა ვერ იქნება

საქართველო კომფორტის ზონა დამნაშავეებისთვის ვერ იქნება,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თუკი არსებობს რაიმე რისკი, რომელიმე ქვეყანაში, სადაც ექსტრადირება ხორციელდება, ეს პირველ რიგში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უნდა იცოდეს და გაითვალისწინოს, რადგან ასეთ შემთხვევაში, როგორც წესი ევროპული სასამართლო ექსტრადირების შეჩერების მექანიზმს იყენებს, ასეთი რამე ცხადია არ მომხდარა.

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები, კონკრეტულად ამ პიროვნებასთან დაკავშირებით. საქართველო კომფორტის ზონა დამნაშავეებისთვის ცხადია ვერ იქნება. თუკი არსებობს რაიმე რისკი, რომელიმე ქვეყანაში, სადაც ექსტრადირება ხორციელდება, ეს პირველ რიგში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უნდა იცოდეს და გაითვალისწინოს, რადგან ასეთ შემთხვევაში, როგორც წესი ევროპული სასამართლო ექსტრადირების შეჩერების მექანიზმს იყენებს, ასეთი რამე ცხადია არ მომხდარა. შესაბამისად, საქართველო თავისი სამართლებრივი პოლიტიკის ფარგლებში, სისხლის სამართლებრივი უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში, დგამს ქმედით ნაბიჯებს, რათა დაიცვას ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, დაიცვას ის წესრიგი, რომელიც სახელმწიფოში არსებობს“,- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

იაროსლავ სუმბაევი თბილისში 2018 წლის ნოემბერში დააკავეს.

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ქართულ მხარეს სუმბაევის გადაცემის მოთხოვნით 2018 წლის 13 ნოემბერს მიმართა. მას ბრალად თაღლითური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობა ედება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოდან რუსეთში ჰაკერ იაროსლავ სუმბაევის ექსტრადირება განხორციელდა. მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლომ სუმბაევის ექსტრადირების შეჩერება მიზანშეწონილად არ მიიჩნია, რასაც შესაბამისი წერილიც ადასტურებს.