დავით მათიკაშვილი - ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობა არც ერთი პროცენტით არ დამდგარა ლეგიტიმურობის კითხვის ქვეშ
დავით მათიკაშვილი - ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობა არც ერთი პროცენტით არ დამდგარა ლეგიტიმურობის კითხვის ქვეშ

საპარლამენრო არჩევნების პირველი ტური ჩატარდა კონკურენტულ, დემოკრატიულ და მშვიდობიან გარემოში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილის განცხადებით, იყო ცალკეული გამოწვევები, რომელიც საარჩევნო პროცესისთვის დამახასიათებელია.

„ყველა შემფასებელმა, დამკვირვებელმა, საერთაშორისო მისიის წარმომადგენელმა, ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა, ევროკავშირმა, ცალკეული ხელისუფლების წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქარათველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, როგორც უკვე გითხარით, კონკურენტულ, მშვიდობიან და დემოკრატიულ გარემოში. იყო ცალკეული გამოწვევები, რომელიც არის დამახასიათებელი საარჩევნო პროცესისთვის. აქვე აღნიშნეს და ჩვენ მოგვიწოდეს, რომ პარლამენტი დროულად შეიკრიბოს, რადგანაც იმუშაოს საარჩევნო კოდექსის დახვეწის კუთხით. აქ ჩანს, რომ ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობა არც ერთი პროცენტით არ დამდგარა ლეგიტიმურობის კითხვის ქვეშ, შესაბამისად ყველა პარტიას, რომელმაც ერთ პროცენტიანი ბარიერი გადალახა, გამოიყენოს საპარლამენტო რესურსი, რომ საკუთარი პოლიტიკური განცხადებები აკეთოს და პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაებას“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, „ქუჩაში გადატანილი პროცესები არის დაბრუნება წარსულში და ლეგიტიმურობის კუთხით ეს ცხადია ვერანაირ ზეგავლენას ვერ მოახდენს“.

„სინამდვილეში ჩვენი საზოგადოება, ჩვენი ამომრჩეველი ელოდება იმას, რომ მეათე მოწვევის პარლამენტი შეიკრიბება და რომ პარლამენტი მეათე მოწვევის არის პლურალისტური და ცხრა პარტია უნდა შევიდეს წესით საქართველოს პარლამენტში. ეს სწორედ „ქართული ოცნების“ დამსახურებაა, რადგანაც მან შექმნა კანონმდებლობაში ასეთი სივრცე. ეს სივრცე უნდა იყოს გამოყენებული და დესტრუქციის გზით არ უნდა იაროს ჩვენმა ოპოზიციამ“, – განაცხადა მათიკაშვილმა.