დავით მათიკაშვილი - არსებობს ვარაუდი, რომ ოკუპანტები დროს შეგნებულად წელავენ, რათა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარზე ძალადობის კვალი დაიფაროს
დავით მათიკაშვილი - არსებობს ვარაუდი, რომ ოკუპანტები დროს შეგნებულად წელავენ, რათა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარზე ძალადობის კვალი დაიფაროს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი ირწმუნება, რომ მმართველი გუნდის მხრიდან ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იყოს გადმოსვენებული.

როგორც ჟურნალისტებს მათიკაშვილმა განუცხადა, ქართული მხარისთვის ამ საკითხის ბოლომდე მიყვანა ძალიან მნიშვნელოვანია.

„ოკუპანტთან ამ თემაზე საუბარი ურთულესია, თუმცა ამ თვალსაზრისით ქართულ მხარეს ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები უდგანან. პირობა შესრულდება და ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახში იქნება გადმოსვენებული. ერთ-ერთი ვარაუდი ისაა, რომ ოკუპანტები დროს შეგნებულად წელავენ, რომ დანაშაულის კვალი დაფარული იყოს. მაღალი ალბათობა არსებობს იმის, რომ ტატუნაშვილის მიმართ ძალადობრივი დანაშაული იქნა ჩადენილი, თუმცა ამას მანამდე ვერ დავადასტურებთ, სანამ ცხედარი გადმოსვენებული არ იქნება“, – აღნიშნავს მათიკაშვილი.

დეპუტატი ყურადღებას რეზოლუციის პროექტზე ამახვილებს და აღნიშნავს, რომ დოკუმენტის მიღება იმას ემსახურება, რომ დეოკუპაციის მიმართულებით საქართველოს სწრაფვა ხაზგასმული იყოს.

„ყველა ფორმატი უნდა გამოვიყენოთ და პოზიცია მკაცრად უნდა დავაფიქსიროთ. ხელისუფლების მხრიდან პერმანენტულად ხდება იმის ხაზგასმა, რომ ძალადობრივი ქმედებები, რაც ოკუპაციას თან სდევს, ადამიანის უფლებებს არღვევს. სწორედ ამიტომ ვითხოვთ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საერთაშორისო მონიტორები დაუშვან, რადგან ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკონტროლო სიტუაციაა“, – განაცხადა მათიკაშვილმა.