დავით მათიკაშვილი – ახლო აღმოსავლეთში პროცესები ხაზს უსვამს, რამდენად ეფექტური იყო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, როცა მშვიდობა უზრუნველყო, საქართველო მშვიდობის კუნძულად არის ქცეული

12:15, 02.03.2026

ჩვენი ქვეყანა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს შეშფოთებით აკვირდება. ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის უზრუნველყოფა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ამიტომ, ომის დეესკალაციისთვის დიპლომატიური გზების გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები ხაზს უსვამს, რაოდენ ეფექტური იყო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, როდესაც ქვეყანაში მშვიდობა უზრუნველყო.

„პროცესი ისე მართა, რომ ქართველი ხალხი, ხელისუფლება გარედან არსებულ ზეწოლებს არ აჰყვა და მდგრადი მშვიდობა შევინარჩუნეთ. ეს კიდევ ერთი მაგალითია, როგორი მნიშვნელოვანია, ქვეყანამ საკუთარ მშვიდობაზე იზრუნოს. გარშემო არსებულ მოვლენებს რომ დავუკვირდეთ, საქართველო მშვიდობის კუნძულად არის ქცეული. ომია რუსეთ-უკრაინას შორის, ომია ახლო აღმოსავლეთში, საქართველოში – მშვიდობაა. საქართველოში არსებულმა მშვიდობამ იმ ავიარეისების გადაადგილება უზრუნველყო, რომლის შესაძლებლობაც მოკლებულია იმ ქვეყნებში, სადაც ომია“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მსგავსი